პროკურატურის ცნობით, ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20-20 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ტ.ლ., თ.მ., და დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
კერძოდ, 2019 წლის 5 ნოემბერს, ტ.ლ., დ.ჯ., დ.პ. და თ.მ. დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში ყაჩაღობის მიზნით თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, თავს დაესხნენ თ.ბ.-ს, მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები და თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს. უარის მიღების და დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, თავდამსხმელებმა თ.ბ. მოკლეს, შემდეგ კი, თ.ბ.-ს ოჯახის კუთვნილი 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს, 1600 ლარად ღირებულ ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ტ.ლ., დ.ჯ. და თ.მ. 2019 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. ტ.ლ.-ს და თ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო დ.ჯ.-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით , მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ , ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ლ.-ს და დ.ჯ.-ს 20-20 წლით, ხოლო თ.მ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს დ.პ.-ს, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით. დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.