"ოცნების" პროკურატურის განცხადებით, უწყება სასამართლოს დღეს მიმართავს, ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
განცხადებაში განმარტებულია, რომ პროკურატურაში აღნიშნული გადაწყვეტილება დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.
"საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დათაშვილს დღეს სასამართლო პროცესი აქვს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მას ვერ დაესწრება.
გუშინ მასწავლებლის ქმარმა გამოქვეყნებულ წერილში ვრცლად ისაუბრა დათაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე.
მისი თქმით, აქტივისტს უჭირს კიბეზე ასვლა და გადაადგილდება ეტლით. გარდა ამისა, მას ესაჭიროება რამდენიმე სახის ოპერაცია.
