logo
ENG



პროკურატურა ლომჯარიასთვის თოდაძის საქმის გადაცემაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს

24 ოქტ 201912:26
3 წუთის საკითხავი
 
zyg9oc9ibs1rm25.jpg

 

საქართველოს პროკურატურა, სახალხო დამცველისთვის, თამთა თოდაძის საქმის მასალების მიწოდება-გაცნობაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას ვერ უზრუნველჰყოფს.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო  წესით ითხოვდა  ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას. სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად,  საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ  საქმეებს , რომლებზეც  მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველჰყოფს  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას. ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების   ხელშეწყობა.  სახალხო დამცველის აპარატს,  განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში,  დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,  შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს  იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე უარი უთხრა.

თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ფიქრობს, რომ პროკურატურა შეგნებულად ეუბნება უარს სახალხო დამცველს საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე, რადგან ლომჯარია აუცილებლად დაწერს შენიშვნებს და რეკომენდაციებს იმ დარღვევებზე, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების დროს დაფიქსირდა.

ცნობისთვის, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ჯიშკარიანი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი თავად თოდაძის მოწყობილია.

 


close დახურვა