პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გდდ-ის ინსპექტორსა და კიდევ ერთ პირს ბრალდება დაუმძიმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული 11 აგვისტოს გარდაიცვალა.
პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება დ.რ.-ს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მოგვიანებით, მათ ბრალდება დაუზუსტდათ და სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარედგინათ.
ბრალდებული დ.რ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რაც შეეხება ი.ბ.-ს, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.