საქართველოს პროკურატურამ ბათუმში კორპუსის ნგრევაზე დაკავებულ სამ პირს - ბინის მფლობელს და ორ მუშას ბრალი წარუდგინა.
დაკავებულებს ბრალი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ედებათ, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.
2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება.
პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.)". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.