პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სამივე მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება. პროკურორ ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ღუდუშაურმა გამოძიებასთან პირველივე დღეებიდან ითანამშრომლა, ბურჭულაძემ კი შეთანხმების თხოვნით უწყებას მხოლოდ 26 მარტს, დასკვნითი სიტყვების ეტაპზე მიმართა.
საქმის დეტალები:
ბრალდება: ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.
ფულის ლეგალიზაცია: ყოფილ მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.
ქონების ჩამორთმევა: პროკურატურის ცნობით, ბურჭულაძეს უკვე ჩამოერთვა დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება.
სხვა ეპიზოდები: საქმეში ფიგურირებს ვასილ მხეიძის მიერ გორში მოწყობილი სიგარეტის არალეგალური ქარხნის ეპიზოდიც, საიდანაც 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო პროდუქცია ამოიღეს.
ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც თავდაცვის უწყებას 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
