logo
ENG



პროკურატურამ დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის საქმეზე ორ ადამიანს ბრალი წარუდგინა

07 ნოე 202315:24
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურამ დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალი ორ ადამიანს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ტარების ფაქტზე წარუდგინა.

უწყების განცხადებით, იმის გამო, რომ ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებენ, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. მათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ვადით ემუქრებათ.

"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, ტარების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატულაშვილს ავტომობილით გადაადგილების დროს ესროლეს - მისი თქმით, მანქანას, დაახლოებით, 5 ტყვია მოხვდა, ის არ დაშავებულა. ყოფილი მერი თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და კონკრეტულ ადამიანებსაც ასახელებს.


close დახურვა