საქართველოს პროკურატურამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს - ი.წ-ს, გ.ჯ-ს და ვ.ნ-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს დაესხნენ თავს.
ისინი მერსედესის მარკის მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომელაც მათი თანამზრახველი, გ.ჯ მართავდა.
თავდასხმის დროს მათ იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს.
რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამჯერ გაისროლეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო. აღნიშნულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა ჰოსპიტალის მიმღებში შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სალაროში არსებულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცავებმა 2020 წლის 3 დეკემბერს ი.წ გურჯაანის რაიონში, ხოლო გ.ჯ და ვ.ნ დუშეთის რაიონში დააკავეს. გ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით, 0,502 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
ი.წ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღება) წარედგინა, ვ.ნ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), ხოლო გ.ჯ-ს 25-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.