პროკურატურამ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, კობა ფიფაიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა...
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზავს თავს 5 მაისს დაესხნენ. აფხაზავამ ფორმულას უთხრა, რომ მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაარტყეს თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავად აფხაზავაა. აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ნაცს ეძახდნენ.
აფხაზავამ თავადვე გაავრცელა თავდასხმის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებშიც თავდამსხმელები ჩანან.