logo
ENG



პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი მძევლების აყვანის მუხლით წარუდგინა

22 ნოე 202015:32
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/22/aueoegthg1xrkk2.jpg

საქართველოს პროკურატურამ ემ ბი სი-ის შენობაში შეჭრისთვის ლევან ზურაბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტრი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბაშვილი ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენებით, მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიჭრა და იქ მყოფი 19 პირი მძევლად აიყვანა.

პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

"ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე  დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. 

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი 20 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე დააკავეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში პირი 20 ნოემბერს შეიჭრა. მან 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.


close დახურვა