logo
ENG



პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

03 ნოე 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. 

ინფორმაცია ფორმულას ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა დაუდასტურა. მათი ცნობით, პროკურატურა მელიას დაპატიმრებას ითხოვს.

სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული. 

საბაბი 1-ლ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა.

"რომ გედავება ივანიშვილი, რატომ არ გიკეთია ელექტრონული სამაჯური მაჯაზე და ეს ყოფილა უმძიმესი დანაშაული. მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ, ვინაიდან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. 

ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. ის იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში". - თქვა ნიკა მელიამ მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუმაგრეს. მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვდა. ბრალდების მხარე მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეაფრდების შემდეგ საქალაქო სასამართლომ მას 7 წლის წინ აღძრულ "ქართული ბანკის გაკოტრების საქმეზე" გამოუტანა განაჩენი. ამ საქმეს პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა. სასამართლომ მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ქართულმა ოცნებამ მას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა.

1-ლი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. როგორც მან თქვა, არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. 


close დახურვა