პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად არ ცნო. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, რაიმე სახის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
"პროკურორის წერილობითი მითითებების შესრულებამდე, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული გარემოებების გადამოწმების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას საქმეზე მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად. ხსენებულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას 18 იანვარს მიმართეს. ნიკა გვარამიას თქმით, დაზარალებულის სტატუსის მიღების შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს ექნებათ სრული წვდომა გამოძიებაში არსებულ მასალებზე, მათ შორის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ ვიდეოზეც.