საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდამსხმელებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალი 4 ადამიანს წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, ოთხივეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა) წარედგინათ, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.
პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თუმცა, ჩიგოგიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.
ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდებოდა, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმებოდა. დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სკვერს "ვერავინ გაყიდის".