სად არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი? - "ფორმულას" ინფორმაციით, ლევან იზორია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. წყარო გვიყვება, რომ ლევან იზორიას ბედის გადასაწყვეტად საბოლოო პასუხს ბიძინა ივანიშვილისგან ელოდებიან. საქმეები კი თავდაცვის სამინისტროში მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება, მრავალ მილიონიანი დარღვევების შესახებ საუბარი აუდიტის სამსახურის ანგარიშებშიც მოხვდა.
ლევან იზორია ოფიციალური წარდგენიდან 2 თვეზე მეტია, საჯაროდ არ გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ერთადერთ უწყებას ხელმძღვანელობს, - ამ დროს კი ქვეყანა უკანონო ბორდერიზაციის წინაშეა, ამ ორ თვეში ოკუპანტებს ტყვეობაში ჰყავდათ საქართველოს მოქალაქე, ამერიკა-ირანის კრიზისის დროს კი სპეციალისტები საბჭოს სხდომის გამართვას იწყებდნენ. დღეს ვერავინ დაადასტურა მთელ სახელმწიფო აპარატში, ასრულებს თუ არა ლევან იზორია სამსახურეობრივ მოვალეობას.
"ფორმულას" ინფორმაციით, ლევან იზორია რამდენიმე თვით ქვეყნიდან იყო წასული და გერმანიაში იმყოფებოდა. მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაა. საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხება. საუბარია იზორიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე. 2017 წლის საქმეზე, რომელზეც აუდიტის დასკვნაში დაიწერა. დასკვნის მიხედვით, სამინისტროს საფინანსო სამსახური წლების განმავლობაში ფულს ყოფილი თანამშრომლების ანგარიშზე რიცხავდა თუმცა სად მიდიოდა ათობით ათასი ლარი, უცნობია.
პროკურატურას ლევან იზორიას საქმესთან დაკავშირებით დღეს საუბარი არ სურს... თუმცა ეს ერთადერთი სკანდალი არ არის, რომელიც მის სახელს უკავშირდება. იზორიას მინისტრობის პერიოდში, სამართალდამცველებმა თავდაცვის სამინისტროს 3 თანამშრომელი დააკავეს - მათ ბრალი ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვისთვის ედებოდათ. გავრცელებული ინფორმაციით, იზორიამ ეს ფაქტი დამალა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში 62 პროცენტით გაიზარდა წარმომადგენლობითი ხარჯები, ფული რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის ხარჯავდა. აუდიტის დასკვნაში ამაზე არაერთხელ დაიწერა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პროკურატურას საქმის მასალები მზად აქვს და ივანიშვილის დასტურს ელოდება.
გარემოებას საეჭვოს ხდის ის ფაქტიც, რომ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საჯაროდ ბოლოს მხოლოდ ორი თვის წინ გამოჩნდა. პირობა დადო რომ საბჭო აქტიურად იმუშავებდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გარე საფრთხეების წინაშე არაერთხელ დადგა. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ირანის კრიზისი და მცოცავი ოკუპაცია - ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის საკითხები რაზეც უსაფრთხოების საბჭოს უნდა ემსჯელა, თუმცა სათათბირო ორგანო ერთხელაც არ შეკრებილა...
ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს სექტემბერში ჩამოაშორეს. მას უსაფრთხოების საბჭო ჩააბარეს. უფუნქციო ორგანომ 2020 წელს ბიუჯეტიდან 3 მილიონ 200 ათასს ლარი მიიღო. ამ თანხიდან უმეტესი ნაწილი, ხელფასებისთვისაა განსაზღვრული.