logo
ENG



პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

14 აგვ 202617:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/14/8al5gb9gm053qa7.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ბრალდების დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და თანხის გადაცემის ეპიზოდები. პროკურორის განმარტებით, მოწმემ პირდაპირ მიუთითა, რომ მას უშუალო შეხება ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელთა აღებასაც ბრალდებულს ედავებიან. მოწმის თქმით, მას თანხა პირადად გადაეცემოდა და დავალების საფუძველზე კონკრეტულ მეწარმეებსაც სთხოვდა.

მარიამ ბერძენიშვილის თქმით, საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებები აბსოლუტურ თანხვედრაშია. ერთ-ერთმა დაკითხულმა პირმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოახდინა სოლიდური თანხის მობილიზება და გადაცემა. ამასთან, მოწმის განმარტებით, რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვისთან მიჰქონდა თანხა, თუმცა აღნიშნული პროცესი „სახელმწიფო ინტერესად შეფუთა“. რაც შეეხება საქმეში ფიგურირებად თურქ ბიზნესმენს, პროკურორმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების პერიოდში იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დასაკითხ პირთა სიაში ირიცხება.

პროკურორმა ასევე განმარტა მიზეზები, თუ რატომ დაეთანხმა ბრალდების მხარე რომეო მიქაუტაძის დისტანციურ დაკითხვას პენიტენციური დაწესებულებიდან. ბერძენიშვილის თქმით, მთავარია მოწმემ თავისუფალი ნების ფარგლებში მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია, ხოლო ამას დისტანციურად გააკეთებს თუ დარბაზიდან, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან დისტანციურ ფორმატშიც ორივე მხარეს აქვს კითხვების დასმის სრული შესაძლებლობა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მოწმის დაკითხვა დაასრულა. დაცვის მხარემ ითხოვა რომეო მიქაუტაძის სასამართლოში უშუალოდ გამოძახება და კითხვების პირადად დასმა, რის გამოც პროცესის გადადება მოითხოვეს. სასამართლო სხდომა ორშაბათს, 12:00 საათზე განახლდება. მოსამართლე მოწმეს ხელახლა გამოიძახებს, თუმცა თავად რომეო მიქაუტაძის გადასაწყვეტია, გამოცხადდება სასამართლოში თუ კვლავ დისტანციურ ჩართვას მოითხოვს.

ადვოკატი: ლილუაშვილი ქრთამის აღებას უარყოფს, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ, 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა