"სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირების ქმედებებს, რომლებიც აღნიშნულის უკან დგანან", - ასე გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი მედიაში გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენების გამოქვეყნებას.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ყველა პირი, ვისაც საქმის მასალები გადაეცა, გაფრთხილებული იყო, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დოკუმენტები არ უნდა გაესაჯაროებინათ.
"ჩვენი მიზანია, გამოძიების ეტაპზე, იმ მოწმეებმა, რომლებიც მომავალში დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც გამოიკითხნენ. ეს ხელს უშლის ცალსახად გამოძიებას, რადგან ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი პოზიციები იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც ამას ემსახურებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა საქმის მასალა გადაეცათ, მათ შორის ამირხანაშვილის ჩვენება, არ უნდა გადაეცათ ეს... რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამ კუთხით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, შესაბამისად, სამართლებრივი შეფასება მიეცემათ იმ პირების ქმედებებს, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან", - განაცხადა პროკურორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამირხანაშვილის ჩვენება საქმის მასალებს არ ეწინააღმდეგება.
"მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენება არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის საქმის მასალებთან და არც სხვა გარემოებებთან, შესაბამისად, სასამართლოში როდესაც დადგება ეს ეტაპი და დაიკითხება მოწმე, იგი ახსნის სასამართლოს წინაშე რით არის გამოწვეული ჩვენებებში მოცემული ინფორმაცია", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
გარდა ამისა, პროკურორი ირწმუნება, რომ "ტოიოტა ქემრის" 5 მგზავრისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა.
"ერთადერთი ჩვენება ვერ გახდება ბრალდების დამძიმების და კონკრეტული პირების მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანის საფუძველი. ეს ხდება მტკიცებულებების ერთობლიობით; შესაბამისად, მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე ეს არ მომხდარა. ეს მოხდა იმ მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც საქმეზეა მოპოვებული", - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, "რადიო თავისუფლებამ" გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალებიდან გამოკითხვის ერთ-ერთი ოქმი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც, გამოცემისვე ცნობით, სავარაუდოდ, 5 დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
