logo
ENG



პროკურორი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს

16 თებ 202115:50
3 წუთის საკითხავი
 
პროკურორი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს
ვახო ქარელი/ფორმულა

პროკურორი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს. 

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ თქვა - ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიასთვის პარლამენტის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.  

ამირან გულუაშვილის თქმით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დეპუტატებმა გაიზიარეს ბრალდების მხარის სამართლებრივი არგუმენტები ნიკა მელიას წინააღმდეგ. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების, ისევე, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის. საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის ინდულგენცია არც ერთი ადამიანისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. 

ბრალდების მხარე დღესვე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში". - თქვა პროკურორმა გულუაშვილმა. 

მისივე თქმით, ვინაიდან საქმე ეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლომ სხდომა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა ჩანიშნოს. 

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დღეს, 16 თებერვალს პლენალურ სხდომაზე დაუჭირა. ამ წინადადების სასარგებლოდ ხმა 88 დეპუტატმა მისცა, 2 - წინააღმდეგ წავიდა. 

ენმ-ის თავმჯდომარისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა - საგამოძიებო უწყებას სურს, სასამართლოს მელიას დაპატიმრება მოსთხოვოს. 

ამ დრომდე მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული, რის გადახდაზეც მელია უარს ამბობს, რის გამოც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. 

კერძოდ: 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან, "ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია". 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 

პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უკვე მეორედ განიხილავს. 2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა იმავე - 20-21 ივნისის საქმეზე იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა. 


close დახურვა