CRRC საქართველომ იანვარში კონსპირაციული და პროპაგანდისტული ნარატივების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებები გამოიკვლია. კითხვები ეხებოდა სხვადასხვა კონსპირაციულ მოსაზრებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებაც - კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ რუსეთის ამბიციებს უკრაინის მიმართ ვერაფერი შეაჩერებდა.
26% იზიარებს პროპაგანდისტულ მოსაზრებას, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება რუსეთთან დათმობაზე წასვლით, 10% არცერთს არ ეთანხმება, ხოლო 18%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
CRRC საქართველომ გამოიკვლია მოსახლეობის განწყობები სხვა კონსპირაციული პროპაგანდისტული ნარატივების მიმართაც - კერძოდ, კითხვაზე რამდენად ემხრობიან მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- საერთოდ არ ვეთანხმები - 7%;
- არ ვეთანხმები - 31%;
- ნეიტრალური ვარ - 16%;
- ვეთანხმები - 25%;
- სრულიად ვეთანხმები - 4%;
- არ ვიცი/უარი პასუხზე - 19%.
ამასთან, კითხვაზე ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში - 5% ამბობს, რომ საერთოდ არ ეთანხმება, 24% - არ ეთანხმება. დანარჩენი პასუხები ასე გადანაწილდა:
- 14% - ნეიტრალურია;
- 33% - ეთანხმება;
- 7% - სრულიად ეთანხმება;
- 17% - არ ვიცი/უარი პასუხზე
რაც შეეხება კიდევ ერთ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, 6% საერთოდ არ ეთანხმება, 29% - არ ეთანხმება, 13% ამბობს, რომ ნეიტრალურია, 28% - ეთანხმება, 6% - სრულიად ეთანხმება, ხოლო 18%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.
დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.