დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
პარტიების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემას, ტაქტიკურ ნაბიჯებსა და აქციებზე ისაუბრებენ. ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ იგივეა - 2020 წელს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები მეხუთე რაუნდზე.
"მზად ვართ განვაგრძოთ დისკუსია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მაგრამ ისეთ საარჩევნო მოდელი რაც პროპორციულ შედეგს არ უზრუნველყოფს, აზრს მოკლებულია. ის ან წამოვა ამ მოლაპარაკებაზე ან ისე დამარცხდება, რომ გაქრება პოლიტიკური ველიდან", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავას თქმით კი, ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ ერთიანია და შესაბამისად ისინი კვლავ განაგრძობენ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას.
"ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ ერთიანი ძალისხმევით გვინდა სამართლიანი არჩევნების მიღწევა, რათა მშვიდობიანი გზით შეიცვალოს ხელისუფლება. ამ პოლიტიკურ კრიზისში, ერთადერთი გამოსავალი სწორედ პროპორციული არჩევნებია",-აღნიშნავს გუგავა.
თავის მხრივ მმართველი გუნდი გაერთიანებულ ოპოზიციას კვლავ ულტიმატუმს უყენებს. მათი განცხადებით, არჩევნები ან 100/50-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ან დარჩება ისე, როგორც არის.
"ჩვენ გაკეთებული გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ სტაბილურ განვითარებას",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.