მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა.
როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, კიბერთავდასხმა პრორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, Killnet-მა განახორციელა. მათი თქმით, ხსენებული ჰაკერული ჯგუფი სპეციალიზებულია DDoS თავდასხმებში იმ ქვეყნების მისამართით, რომლებსაც ჯგუფი უკრაინის მხარდამჭერებად მოიაზრებს.
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი თავდასხმები ჯგუფმა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსა და ნატოს ვებ-ინფრასტრუქტურაზეც განახორციელა.
"რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა რუმინეთის სახელმწიფო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე. ამ დროისთვის პასუხისმგებელი ორგანოები ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა თავდასხმები თავიდან ავირიდოთ და კიბერშეტევის ზემოქმედება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. უნდა ითქვას, რომ თავდასხმას არ აქვს პირდაპირი გავლენა სამთავრობო საინფორმაციო რესურსებისა და სისტემების ფუნქციონირებაზე", - წერია განცხადებაში.