logo
ENG



პროტესტის 3 თვე ირანში - მიზეზები, მიზნები და Gen Z, როგორც პროტესტის მთავარი ძალა
19 დეკ 202217:00
1942

ირანში უკვე სამი თვეა, რაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა სექტემბერში მორალის პოლიციის მხრიდან 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

თავდაპირველად ძირითადად ფემინისტური პროტესტი ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონებს ეხებოდა. ახლა აქტივისტები მთელი ქვეყნის გარშემო ირანის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლებამ ათასობით აქტივისტი უკვე დააკავა, ასობით ადამიანი პოლიციის მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა, ათობით აქტივისტს კი ირანის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

რამ გამოიწვია პროტესტი?

Ali Eshtyagh / DW

Ali Eshtyagh / DW

ირანის მოსახლეობაში წლების განმავლობაში მწიფდება პროტესტი ხელისუფლების ისლამური პოლიტიკის წინააღმდეგ, განსაკუთრებით სამოსთან დაკავშირებული აკრძალვების ნაწილში.

პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც 2021 წელს ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა და ქალების ჩაცმულობასთან დაკავშირებული პოლიტიკა გაამკაცრა.

„ათწლეულების განმავლობაში ირანელები ეყრდნობოდნენ იმ იდეას, რასაც რეფორმისტი ლიდერები ჰპირდებოდნენ, რომ მოვლენები შეიცვლებოდა. მაგრამ არაფერი მომხდარა... გზავნილი ახლა ხმამაღალი და მკაფიოა, თავად ისლამური რესპუბლიკა უნდა წავიდეს“ - აცხადებს ირანის ადამიანის უფლებების კუთხით იურისტი, შადი შარი.

2022 წლის პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მაჰსა ამინი ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ქალებისადმი გამოცხადებული ომის მორიგი მსხვერპლია.

ცენტრის ინფორმაციით, ამინი ქალაქი საქეზიდან იყო და ის თეირანში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როცა მორალის პოლიციამ 13 სექტემბერს ჰიჯაბის კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა  და ვოზარას იზოლატორში გადაიყვანა. პოლიციამ ოჯახს უთხრა, რომ ის "ხელახალი განათლების" მიზნით მიჰყავდათ და იზოლატორიდან ღამით გამოუშვებდნენ.

15 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამინი კომაში იყო. 22 წლის მაჰსა ამინი 16 სექტემბერს საავადმყოფოში, 3-დღიანი კომის შემდეგ დაიღუპა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ნადა ალ-ნაშიფის ცნობით, პოლიციელებმა იზოლატორში ამინი ხელკეტებით სცემეს და თავი მანქანაზე არტყმევინეს.

პოლიციამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ქალს "მოულოდნელი გულის შეტევა ჰქონდა".

ამინის ბიძა კი აცხადებს, რომ 22 წლის ქალი ჯანმრთელი იყო და გულთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. მისი თქმით, ქალის დაღუპვის მიზეზი ნათელია.

„ამ შემთხვევის მიზეზი დღესავით ნათელია. რა ხდება მაშინ როცა ისინი გოგოებს ხელს მოკიდებენ და მანქანაში ჩატენიან, ასეთი სიველურითა და ტერორით? ამის უფლება აქვთ? მათ არაფერი იციან არც ისლამზე, არც ადამიანობაზე“ - აცხადებს დაღუპულის ბიძა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მასჰა ამინის ოჯახს 19 სექტემბერს ესტუმრა და უთხრა, რომ „ყველა უწყება იმოქმედებს, რათა დაიცვან ის უფლებები, რაც დაირღვა“.

კანონი, რის დარღვევაშიც მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დაადანაშაულა ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მიიღეს. მოსახლეობის მხრიდან პროტესტისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობის მიუხედავად ირანის ხელისუფლებამ ქალებს ჩაცმის სავალდებულო კანონები დაუწესა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ უფლება, საჯარო სივრცეებში გაეჩერებინათ ქალები და შეეფასებინათ მათი ჩაცმულობა: უჩანთ თუ არა ზედმეტი თმა, არის თუ არა შარვალი და ზედატანი ზედმეტად მოკლე ან ტანზე მომდგარი და ხომ არ უსვიათ ზედმეტი მაკიაჟი.

ირანის კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

2014 წელს ირანელმა ქალებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს კამპანია ჩემი ჩუმი თავისუფლება რომლის ფარგლებშიც აზიარებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც საჯაროდ არღვევდნენ ჰიჯაბის კანონებს. მას შემდეგ ირანში გაჩნდა ამ შინაარსის სხვა მოძრაობებიც, მათ შორის თეთრი ოთხშაბათი და ამბოხის ქუჩის გოგოები.

ირანის ხელისუფლების პასუხი - დაკავებული და მოკლული აქტივისტები

Reuters

Reuters

2022 წლის სექტემბრიდან, პროტესტის დასაწყისიდანვე ირანის უსაფრთხოების ძალებმა აქტივისტების დასაშლელად ძალადობრივ გზებს მიმართეს.

აქტივისტებს სამანქანო სიგნალების გამო ესვრიან, აქტივისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებადამცველებს აპატიმრებენ.

ქურთულ რეგიონებში პროტესტის დასაშლელად სამხედროებს, მძიმე იარაღს და სამხედრო ტრანსპორტს იყენებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ადამიანებს განურჩევლად ესროდნენ და მას შემდეგ, რაც ციხეები გაივსო დაკავებულები საწყობებში გადაჰყავდათ.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო HRANA-ს ცნობით, 17 სექტემბრიდან 17 დეკემბრიდან დაკავებულია ჯამში 18 452 ადამიანი, თუმცა მათგან მხოლოდ 3 928-ია იდენტიფიცირებული. დაკავებულებს შორის 646 სტუდენტია. პროტესტს ჯამში 496 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 68 ბავშვია. 

ჯამში სექტემბრიდან 1 191-ჯერ გაიმართა პროტესტი, რომელშიც 161 ქალაქი და 144 უნივერსიტეტია ჩართული.

ირანის ხელისუფლების ცნობით, პროტესტების დროს 62 უსაფრთხოების წარმომადგენელი დაიღუპა.

აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე, დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე, ხელკეტების, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და ზოგ შემთხვევაში ხალხის მასებისთვის ცეცხლის გახსნაზე. ზოგიერთი აქტივისტი აცხადებს, რომ ძალის გამოყენება აუცილებელია, რათა პოლიციისგან თავი დაიცვან.

ოფიციალურმა უწყებები არ ამბობენ პროტესტის დაწყების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით რამდენი აქტივისტი დააკავეს. ნოემბერში ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ თეირანში პროტესტთან დაკავშირებული 1 024 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად „საბოტაჟის მცდელობა“, მათ შორის „უსაფრთხოების მცველების შეურაცხყოფა ან წამება“ და „საჯარო ადგილებში ცეცხლის დანთება“ ედებათ.

Amnesty International-ის ცნობით, სულ მცირე 20 დაკავებულ აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება - მათგან 11-ს უკვე მიუსაჯეს, 2 შემთხვევაში უკვე აღასრულეს განაჩენი, 6 ადამიანი კი სავარაუდოდ ელოდება ან გადის სასამართლო პროცესებს.

ირანში ადამიანის უფლებათა აქტივისტები შიშობენ, რომ დახურულ კარს მიღმა გამართულ სასამართლოს სხდომებზე ათობით ირანელს უკვე მიუსაჯეს სიკვდილი.

თეირანის გენერალური პროკურორის ცნობით, 160 აქტივისტს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯა, 80-ს 2-დან 5 წლამდე, 160-ს 2 წლამდე, 70-ს კი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ირანის ხელისუფლებამ 8 დეკემბერს საჯაროდ ჩამოახრჩო აქტივისტი მოჰსენ შეკარი, რომელიც Amnesty International-ის ცნობით,  ბუნდოვანი  "ღმერთისადმი მტრობის" ბრალდებით გაასამართლეს. შეკარის „თეირანის ქუჩების ბლოკირებაში, შიშის შექმნასა და ადამიანებისთვის თავისუფლებისა და უსაფრთხოების შეზღუდვასა და უსაფრთხოების მცველის ცივი იარაღით (დანით) მიზანმიმართულად დაჭრაში“ დასდეს ბრალი. ეს იყო პროტესტთან დაკავშირებული პირველი აქტივისტი, რომელიც ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა.

ორგანიზაციის ცნობით, შეკარის საქმე ირანის სასამართლო სისტემამ დაჩქარებული წესით განიხილა და განაჩენი გასამართლებიდან 3 კვირაზე ნაკლებ დროში აღასრულა.

სასამართლომ 12 დეკემბერს გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი, 23 წლის აქტივისტი მაჯიდრეზა რაჰნავარდი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ მაშადში საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით.

Amnesty International-ის ვიცე დირექტორმა შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში, დაიანა ელთაჰავიმ განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯით ირანის ხელისუფლების მიზანია, აქტივისტებში შიში დათესოს.

„ირანის ხელისუფლება მტკიცედ აგრძელებს მკვლელობებს, როგორც ქუჩებში ასევე ყალბი სასამართლო პროცესებით. ცხადი მიზანი, საზოგადოებაში შიშის დათესვა სასოწარკვეთილი მცდელობით, რომ ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას და დაასრულონ მოსახლეობის ამბოხი. ვშიშობთ, სხვა აქტივისტები, ვისაც სიკვდილით დასჯა აქვს შეფარდებული ან სიკვდილით დასჯად დანაშაულებში არიან ბრალდებულები არიან გარდაუვალი რისკის ქვეშ, რომ მოკლავენ“ - განაცხადა ელთაჰავიმ.

Amnesty International აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დასჯა მხოლოდ ისეთი სერიოზული დანაშაულების შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, რომელიც მოიცავს მიზანმიმართულ მკვლელობას.

ირანში აქტივისტების სიკვდილით დასჯის ფაქტები საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ირანის რეჟიმის არაჰუმანურობას საზღვრები არ აქვს".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა კი თეირანი გააფრთხილა, რომ დამატებითი სანქციები ემუქრებათ.

 

როცა მშვიდობიანი აქტივისტების ეს ძალადობრივი დაშლა გრძელდება, ირანის რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო უყურებს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ირანელ ხალხს და დავუწესოთ ფასი მათ, ვინც ამ სასტიკ ჩახშობებზეა პასუხისმგებელი - განაცხადა ნედ პრაისმა.

ირანი უკვე მეხუთე წელია, რაც წლიურად ყველაზე მეტ ადამიანს სჯის სიკვდილით - წელს ირანში 500-ზე მეტი პატიმარი მოკლეს.

აიათოლა ხამენეიმ პროტესტთან დაკავშირებით სიჩუმე 3 ოქტომბერს დაარღვია, დაუმორჩილებლობაში დასავლეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აქტივისტები მკაცრად დაისჯებიან „ისლამური რესპუბლიკისადმი საბოტაჟის გამო“.

4 დეკემბერს კი მას შემდეგ, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ირანის ხელისუფლებამ პროტესტის ჩახშობა ვერ შეძლო, ირანის გენერალური პროკურორმა განაცხადა, რომ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს გადახედავენ.

როგორც მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ აღნიშნა, პარლამენტიც და სასამართლოც მუშაობს იმაზე, საჭიროებს თუ არა კანონი რაიმე ცვლილებას, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გენერალურმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ირანში მორალის პოლიცია გაუქმდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობა იქნებოდა, ამ დრომდე გაუგებარია, სინამდვილეში გაუქმდა თუ არა ეს სამსახური.

თუმცა, იმის მიუხედავად, გააგრძელებს თუ არა მორალის პოლიცია ფუნქციონირებას, ქვეყანაში ჰიჯაბის ტარება კვლავ სავალდებულოა და ამ წესის დაცვის იძულება ხელისუფლებას სხვა გზებითაც შეუძლია, მაგალითად სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სამუშაო დაწესებულებებში შესაბამისი წესების შემოღებით.

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის უახლესი ტალღა მაჰსა ამინის სიკვდილით დაიწყო, აქტივისტები ახლა ისლამური რესპუბლიკის გადადგომას მოითხოვენ.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw-ს სპიკერი რამიარ ჰასანი აცხადებს, რომ პროცესის დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლებას ლეგიტიმურობა აღარ აქვს და დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანის მმართველი ძალა კორუმპირებულია და მისი გამოსწორება შეუძლებელია.

რით განსხვავდება ეს პროტესტის წარსული მოძრაობებისგან?

Dilara Senkaya / Reuters

Dilara Senkaya / Reuters

მიმდინარე საპროტესტო ტალღა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტებს შორის 2009 წლის მწვანე მოძრაობის პროტესტის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივია, მწვანე მოძრაობა მშვიდობიანი პოლიტიკური მოძრაობა იყო, რომელიც, მაშინ არჩევნების გაყალბებას და დანიშნული პრეზიდენტის, მაჰმულ აჰმადინეჟადის გადადგომას მოითხოვდა - პროტესტი 6 თვე გაგრძელდა.

კიდევ ერთი, 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანი პროტესტი ირანში 2019 წელს ფასების ზრდას მოჰყვა. 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დატოვა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება და ირანს კვლავ სანქციები დაუწესა. ტრამპის თქმით, მას სურდა, რომ ირანის ხელისუფლებაზე მაქსიმალური წნეხით შეთანხმების პირობებზე ხელახალი მოლაპარაკებები გამართულიყო. აშშ-ის სანქციებმა განსაკუთრებით ენერგორესურსებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ სექტორზე ქვეყანაში ვალუტის მკვეთრი ვარდნა და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რაც ყველაზე მძაფრად ირანის ჩვეულებრივმა მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახა. შედეგად 2019 წელს ირანში მოსახლეობის პროტესტის მორიგი ტალღა დაიწყო. კრიზისს დიდწილად საზოგადოების შედარებით ღარიბი ფენა აპროტესტებდა.

ახლანდელი პროტესტი 2009 და 2019 წლების საპროტესტო ტალღისგან იმით განსხვავდება, რომ მასში საზოგადოების ყველა ფენაა ჩართული.

ერთ-ერთი ირანელი პოლიტიკური აქტივისტი და მკვლევარი Euronews-ს უყვება, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ახლა ერთიანობა იმან განაპირობა, რომ მაჰსა ამინი "ჩვეულებრივი გოგო იყო... ის არ იყო დიდი ქალაქიდან ან აქტივისტი. ის მოაცილეს ოჯახს და მოკლეს. ბევრად მარტივია ამ ამბავზე თანაგრძნობა".

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პირველად ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტების ტალღას შეუერთდნენ უფრო ტრადიციული, კონსერვატიული ქალაქებიც, როგორიცაა ქომი და მეშჰედი.

2022 წლის პროტესტი, რომლის მთავარი მოთხოვნაც რეჟიმის შეცვლაა, დიდწილად ფემინისტური მოძრაობით დაიწყო, თუმცა ამას ემატება ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონიც.

2022 წლის მონაცემებით, ირანის მოსახლეობის დაახლოებით 60% ღარიბია, 18.4% კი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმაა. საშუალო კლასიდან კი მაღალი ინფლაციის ფონზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის საზღვარგარეთ საცხოვრებლად. ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უკმაყოფილება, შესაძლოა პროტესტისა და დაუმორჩილებლობის დამატებითი მოტივაციაა.

ირანისა და ისლამური პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი მაჰდი ხალიჯი თავის სტატიაში წერს, რომ წინა პროტესტებისგან განსხვავებით ახალი მოძრაობისთვის უკმაყოფილების მთავარი საგანი არაა ცალკეული ეკონომიკური ან პოლიტიკური გადაწყვეტილება. პროტესტის ძირითადი სლოგანი "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება" - მიუთითებს უფრო ზოგად და ღრმა დაპირისპირებაზე ისლამური რესპუბლიკის მთელ ტოტალიტარულ სისტემასთან. რეჟიმის მხრიდან ირანული საზოგადოების "ისლამიზაციის" მცდელობამ და მათი ცხოვრების ყველა ასპექტის კონტროლმა ადამიანები, როგორც კერძო, ასევე საჯარო სივრცეში თავისუფლებისგან გაძარცვა. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, ყველაზე ხშირად ქალების მიმართ იჩენს თავს. ქალის სხეული ირანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი გახდა. შესაბამისად, ახალი საპროტესტო მოძრაობის საფუძველში ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა, აქტივისტები მოითხოვენ, რომ ქალები რეჟიმის პატრიარქალური ტრადიციებისა და ავტორიტარული ისლამური იდეოლოგიის მთავარ მსხვერპლებად აღიარონ.

ამ საფუძვლებმა, მოძრაობა შესაძლოა მკვეთრად ძლიერი ჰუმანისტური, ეგალიტარული, ლიბერალური და სეკულარული ძალად აქციოს ირანში, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი ექნება ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში“ - წერს ხალიჯი. 

ახლანდელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი პროტესტში ირანელი 25 წლამდე ახალგაზრდების მასობრივი მონაწილეობაა. ეს ახალი თაობა ისლამისტური იდეოლოგიის ოპონენტობის გარდა ემიჯნება სხვა თაობების, მათ შორის არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების თაობას. რაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აჩვენებს, რომ ცვლილებების ნამდვილი ძალა შესაძლოა გაჩნდეს და თვითორგანიზდეს კონვენციური დისიდენტური ჯგუფების ან ლიდერების გარეშე.

ამ მოძრაობის ბუნება, ორგანიზების სტილი, მართვა და ფუნდამენტური იდეალები მკვეთრად განსხვავდება ისლამურ რესპუბლიკაში ყველა წინა პოლიტიკური პროტესტისგან და ამ ერთგვარ ექსპერიმენტს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი განვითარება მოჰყვეს.

ექსპერტის აზრით, მოძრაობის დემოკრატიული, სეკულარული და ლიბერალური მისწრაფებები, სავარაუდოდ, საუკეთესო ძალაა შუა აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განვითარებისთვის, „ვინაიდან ამჟამინდელი რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, ისინი იქნებიან პასუხისმგებლები ამ პრინციპებზე დაფუძნებული ხელისუფლების შექმნაზე“.

პროტესტის ტიპი და დემოგრაფია

Murad Sezer / Reuters

3-თვიან პროტესტში, რომელშიც ყველა ასაკის, წარმომავლობისა და სქესის ირანელი მონაწილეობს, მოსახლეობამ, სხვადასხვანაირ მშვიდობიან, არაძალადობრივ ფორმას უკვე მიმართა.

პროტესტის საწყის ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ და პატარა ქალაქებში ქუჩებში დემონსტრაციებისას ქალები წვავდნენ ჰიჯაბებს, ბევრი მათგანი თმას საჯაროდ იჭრიდა, ნაწილი ცეკვავდა.

სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ქვეყნის მნიშვნელოვან ნავთობკომპანიებში გაიფიცნენ თანამშრომლები, დაიხურა მაღაზიები.

21 ნოემბერს კატარში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის საფეხბურთო გუნდი ეროვნული ჰიმნს დუმილით შეხვდა.

დემონსტრაციები ევროპის ბევრ ქვეყანაში გაიმართა. ფორმები ხშირად მსგავსი იყო - ქალები სტოკჰოლმში, ათენსა და სხვა ქალაქებში ირანელების მხარდაჭერის მოტივით ასევე იჭრიდნენ თმას.

საპროტესტო ტალღაში თუმცა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ახალგაზრდების მონაწილეობა. ბევრი აქტივისტი ახალგაზრდა ქალი და კაცია ირანის ახალ თაობას - Gen Z-ს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ირანელი პოლიტიკური აქტივისტი და მკვლევარი Euronews-ს უყვება, რომ გლობალიზაციამ და ინტერნეტმა უბიძგა ამ ადამიანებს პროტესტისა და "შუა აღმოსავლეთსა და ევროპაში ახალგაზრდებს შორის კულტურული განსხვავებების" განადგურებისკენ.

„როცა ახალგაზრდა გოგო ირანში ხედავს სოციალურ ქსელში, რომ მას ევალება, დაესწროს რელიგიის სავალდებულო გაკვეთილებს, მაშინ როცა ხალხს სხვაგან აუზის წვეულება აქვს. ეს ის შედარებაა რომლის არდანახვა შეუძლებელია“ - აცხადებს აქტივისტი.

კიდევ ერთი, უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw-ს სპიკერი რამიარ ჰასანი აცხადებს, რომ ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის ისტორიაში პირველად მთელი მოსახლეობა ერთიანია, მათ იდენტური მოთხოვნები აქვთ. 

ქალებმა დაიწყეს პროტესტის ეს ტალღა. მაგრამ ყველა დანარჩენი შეუერთდა. ქალები და კაცები მხარდამხარ დგანან. მთელი ირანი ერთიანია. ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად ირანის ისტორიაში არის ეს უნიკალური ერთობა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ყველა ერთსა და იმავე სლოგანს სკანდირებს. მათი მოთხოვნა იდენტურია. - განაცხადა რამიარ ჰასანმა. 

არაერთი საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ სტუდენტებმა პროტესტს ახალი ენერგია შემატეს. ექსპერტების თქმით, ეს მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარებაა და ათწლეულის შემდეგ ირანში პოლიტიკურად მიძინებული სტუდენტური მოძრაობების გამოღვიძებაზე მიუთითებს.

თანამედროვე ირანის ისტორიის მკვლევარი რეზა აკბარი Time-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკის საწყისებიდან ირანის სტუდენტური მოძრაობები მასშტაბური პროტესტის ნაპერწკალი იყო. მისი თქმით, ამის მაგალითი იყო 1999 წელს ივლისში სტუდენტების პროტესტი, რაც რეფორმისტული გაზეთის, Salam დახურვას მოჰყვა. თეირანის უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებელში პროტესტს პოლიციის მხრიდან კამპუსში რეიდები მოჰყვა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. პროტესტი მალევე იქცა მოძრაობად, რომელიც ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებდა.

Twitter

Twitter

ირანში მოსახლეობის უმეტესობა ახალგაზრდაა. 80 მილიონ მოსახლედან 60%-ზე მეტი 30 წელს ქვემოთაა, 24 წლამდე მოსახლეობა კი 37%-ს შეადგენს. 2021 წლის მონაცემებით ირანში საშუალო ასაკი 31.7 წელია.

ამ დროისთვის ქვეყანაში 3 000-მდე აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

ირანის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ირანში 15-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 23.7%-ს შეადგენდა.

ირანის ახალი, Z თაობა განსაკუთრებულად გააქტიურდა, როცა 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ "არასათანადო ჩაცმულობის" გამო დააკავა და მოკლა. პროტესტის პირველი რამდენიმე კვირა მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა სამოქალაქო წინააღმდეგობისგან. 2022 წელს პროტესტი დიდწილად სკოლებსა და უნივერსიტეტების კამპუსებში მობილიზებული, ასევე ბევრი ახალგაზრდა იყო ქუჩებში, სადაც გოგოები და ქალები ჰიჯაბებს კოცონზე დემონსტრაციულად წვავდნენ. ამ მოძრაობას დიდწილად არ ჰყავს ლიდერი. აქტივისტებმა მხოლოდ ის იციან, რას ეწინააღმდეგებიან. "სიკვდილი დიქტატორს" - პროტესტი ერთ-ერთ სლოგანია, რომელიც ირანის სახელმწიფო და სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მიემართება.

აკბარის თქმით, ახალ პროტესტში განსაკუთრებული როლი აქვთ იმ სტუდენტ ქალებს, ვისთვისაც ჰიჯაბის ტარება პირადი საკითხია.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტ ქალს ვხედავთ რელიგიური წარსულით... ვინც ხმამაღლა საუბრობს და აცხადებს, რომ ‘ხელისუფლების მიდგომა დამაკნინებელია და აუფასურებს ჩემი არჩევანის თავისუფლებას ჰიჯაბის ტარებაზე, რადგან უეცრად, მე აღარ ვარ, ვიღაც ვინც პირად რელიგიურ რწმენას მიჰყვება, არამედ ვხდები სახელმწიფოს სიმბოლო და ... რეპრესიების პოლიტიკური სიმბოლო“ - აცხადებს აკბარი.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის კონსტიტუციის მიხედვით, სტუდენტებს აქვთ მშვიდობიანად შეკრების უფლება, მათ ამის პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობა შეზღუდვების გარეშე არ ეძლევათ. მეორე მხრივ, ისლამური რესპუბლიკის სამიზნე უნივერსიტეტები არაერთხელ გამხდარან, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს სტუდენტების თავისუფალი პროტესტის უნარი. სასწავლო დაწესებულებებში კურიკულუმები ისლამიზებულია და კამპუსების ტერიტორიაზე შეკრება აკრძალულია.

ირანელი ფოტოგრაფი და აქტივისტი, ფორუგ ალეი The New York Times-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აქტივისტებს არ აქვთ პოლიტიკური ალტერნატივა. „ისინი ეძებენ განვითარებას და არჩევანის თავისუფლებას. ისინი არ არიან იდეოლოგიური ადამიანები ვისაც სურს გაჰყვეს ლიდერს.

3-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე ირანის გარშემო სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს კამპუსები და პროტესტის სივრცედ აქციეს.

აქტივისტი სტუდენტები 23 წლის აქტივისტის, მოჰსენ შეკარის სიკვდილით დასჯასაც აპროტესტებენ და დაპატიმრებული სტუდენტების გათავისუფლებას და ძალადობის აღკვეთას ითხოვენ.

ირანის უსაფრთხოების ძალები არაერთხელ დაარბიეს უნივერსიტეტების კამპუსები და აქტივისტ სტუდენტებს დაუპირისპირდნენ.

ისლამური მმართველობის წინააღმდეგ პროტესტი ირანის ახალგაზრდებში უპრეცედენტოდ გავრცელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ხსნიან ირანის სასულიერო და სახელმწიფო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოებს, ხევენ და წვავენ. ირანელი ახალგაზრდა აქტივისტები კი ხსნიან, რისთვის რისკავენ სიცოცხლეს.

 „იმედი მაქვს რამდენიმე წელში, როცა უკან მოვიხედები, ბედნიერი ვიქნები, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა“ - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში საპროტესტო აქციაზე მიმავალი 22 წლის ირანელი TikTok-ერი ჰადის ნაჯაფი.

ჰადისის ოჯახის თქმით, ვიდეოს გადაღებიდან დაახლოებით 1 საათში ის ირანის პოლიციის ტყვიებმა იმსხვერპლა. ჰადისის დედა BBC-ის უყვება, რომ ახალგაზრდა ქალს ტყვიები გულში, მუცელსა და კისერში ესროლეს.

ირანში ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ათობით ახალგაზრდა, მათ შორის ბავშვი, ემსხვერპლა ხელისუფლების მხრიდან პროტესტის ჩახშობას. ასობით კი დააკავეს.

ირანელი სოციოლოგი ჰოსეინ ღაზიანი აცხადებს, რომ პროტესტში მნიშვნელოვანი როლი აქვს სოციალურ მედიას და ინფორმაციის სწრაფად გავრცელების შესაძლებლობებს.

ეს თაობა უფრო თანამედროვეა და იმ სამყაროსადმი ცნობიერნი არიან, რომელშიც ცხოვრობენ. ისინი მიხვდნენ, რომ სხვანაირად ცხოვრებაც შესაძლებელია. ამ რეჟიმთან ერთად უკეთესი მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავენ და ეს მათ გამბედაობას მატებს. - აცხადებს ჰოესინ ღაზიანი.

ირანის Gen Z-ის აქტივისტები ამბობენ, რომ მათ იციან როგორია ცხოვრება ირანის გარეთ და სურთ ისე იცხოვრონ, როგორც მათი თანატოლები ცხოვრობენ დასავლურ ქვეყნებში.

16 წლის ვიდეო-ბლოგერი სარინა ესმაილზადეს სიტყვები ამ უშიშარ სულისკვეთებას განასახიერებს:

„ჩვენ არ ვგავართ წინა თაობას, 20 წლის წინ, ვინც არ იცოდა, როგორი იყო ცხოვრება ირანის მიღმა. ჩვენს თავებს ვეკითხებით რატომ არ ვერთობით ისე, როგორც სხვა ახალგაზრდები ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში“

სარინაც აქტიურად მონაწილეობდა პროტესტში. Amnesty International-ის ცნობით, ის თავის არეში რამდენიმე ტყვიისგან დაიღუპა. ამ ინფორმაციას ირანის ხელისუფლება უარყოფს, და აცხადებს, რომ ის შენობიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

სანქციები დასავლეთიდან

დასავლეთმა ირანს სექტემბრიდან პროტესტის დაწყების შემდეგ სანქციები არაერთხელ დაუწესა.

22 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურებს 22 წლის უფლებადამცველი ირანელი ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობისა და პროტესტის ჩახშობის გამო ახალი სანქციები დაუწესა.

მას შემდეგ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამერიკის სანქციები არაერთხელ დაუწესდათ, მათ შორის უკანასკნელი 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამო ირანის რუსეთისა და ჩინეთის მთავრობის წევრების გარდა ირანის ხელისუფლებასაც დაუწესდა.

ევროკავშირმა ირანს ნოემბერში პროტესტების დაშლის გამო სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქციები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და მოგზაურობაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს, 29 ინდივიდს და 3 კომპანიას შეეხო.

ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უახლესი სანქციები ირანის ხელისუფლებას აქტივისტების მიმართ სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულების შემდეგ დაუწესეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკის სამიზნე ის ადამიანები არიან, ვინც „აქტივისტების წინააღმდეგ განგრძობად რეპრესიებზეა პასუხისმგებელი“.

ირანის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო სანქციები დაუწესა ავსტრალიამაც.

ირანი ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ სანქცირებული ქვეყანაა, მას სანქცირების ხანგრძლივ ისტორია აქვს. ირანიდან ახლა შეზღუდულია მრავალი პროდუქტის, მათ შორის მედიკამენტებისა და თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი. ირანი ასევე გათიშულია SWIFT-დან - მსოფლიო საბანკო სისტემიდან.

თუმცა სანქციების გავლენა სადავოა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილის აზრით ეს ეფექტური გზაა ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხისთვის და მათთვის ქცევის შეცვლის იძულებისთვის, სხვები ფიქრობენ, რომ სანქციებით არაპროპორციულად ზიანდებიან ჩვეულებრივი ადამიანები და ეს ზრდის მტრულ განწყობებს სანქციების დამწესებელი ქვეყნების მიმართ.

close დახურვა