logo
ENG



აშშ-მ ირანის ხელისუფლებას დამატებითი სანქციები დაუწესა

27 ოქტ 202200:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/27/g3qb90xiwrvaryr.jpg
Ali Eshtyagh / DW

აშშ-მ მაჰსა ამინის მკვლელობისა და ირანში მასობრივი დემონსტრაციების დაშლისთვის ირანის ხელისუფლების 12 წარმომადგენელსა და 2 კომპანიას დამატებითი სანქციები დაუწესა.

სანქცირებულთა ახალ სიაში მოხვდნენ ისლამური რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები, მათ შორის მისი სადაზვერვო ორგანიზაციის მეთაური და ასევე ირანის სხვადასხვა პროვინციის ხელისუფლებისა და ირანის სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები, ასევე ის ადამიანები და უწყებები, ვინც ქვეყანაში ინტერნეტ-ცენზურასთანაა დაკავშირებული.

აშშ-ის ცნობით ასევე დაასანქცირეს ევინის ციხის  ხელმძღვანელი, სადაც აშშ-ის ცნობით არაერთი პოლიტიკური პატიმარსა და აქტივისტს გზავნიან და აწამებენ.

სანქციები შეეხოთ ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს 2 წარმომადგენელს, ასევე აკადემია Ravin-ს, რომელიც ამავე სამინისტროს მიერაა შექმნილი და აშშ-ის ცნობით, ადამიანებს კიბერუსაფრთხოებასა და ჰაკერობაში წვრთნის.

დასანქცირდა ირანული კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private, რომელიც ვაშინგტონის ცნობით, ირანის ხელისუფლება ცენზურის, თვალთვალისა და შპიონაჟისთვის იყენებს.

აშშ-მ გაყინა სანქცირებული ადამიანებისა და კომპანიების ქონება, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარეობს და ასევე აუკრძალა ამერიკის მოქალაქეებს მათთან ბიზნესკავშირი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრაიან ნელსონის თქმით, დამატებითი სანქციები ნაწილია აშშ-ის მიზნის, რომ ირანის სახელმწიფოს მაჰსა ამინის მკვლელობისა და პროტესტის ჩახშობის მცდელობების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს.

„40 დღე მაჰსა ამინის ტრაგიკული სიკვდილიდან, ირანელები განაგრძობენ მამაცურ პროტესტს სასტიკი ჩახშობისა და ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის ფონზე...

შეერთებული შტატები უწესებს ახალ სანქციებს ირანის ოფიციალური პირებს, ვინც ძალადობრივი დაშლისა და მკვლელობებს, მათ შორის ბავშვების [მკვლელობების] ზედამხედველობდა, როგორც ნაწილი ჩვენი მიზნის, რომ რეპრესიების გამო ირანის სახელმწიფოს ყველა დონეზე დაეკისროს პასუხისმგებლობა“ – განაცხადა ნელსონმა.

ირანში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის პოლიცია პროტესტში მონაწილე აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობდა. აქტივისტები ყვებოდნენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნადა ალ-ნაშიფმა შეშფოთება გამოთქვა იმ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის შესახებ, რასაც პოლიცია საპროტესტო აქციებისას ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართავს.

22 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის მორალის პოლიციას, რომელიც ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ასევე უსაფრთხოების სამსახურების იმ 7 წარმომადგენელს, ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი.

 

close დახურვა