logo
ENG



პროფესიული საქმიანობა თუ პირადი პრობლემები - ბაჩალიაშვილის საქმის ბურუსით მოცული დეტალები

26 ივლ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

5-დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა, რომელშიც ცხედარი აღმოაჩინეს, თეთრიწყაროში ცენტრალური გზიდან დაახლოებით 100 მეტრში, მინდორში იდგა, თუმცა ის სამართალდამცველებზე ადრე მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილი ოჯახმა ბოლოს 17 ივლისს ნახა. მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა მას თეთრიწყაროსთან და რატომ უნდა ჩასულიყო იქ.

როგორ მოხვდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მინდორში და საერთოდ იდგა თუ არა ის იქ, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან მის პოვნამდე, 5 დღის განმავლობაში? - ამ კითხვებზე გამოძიებას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.

ბაჩალიაშვილის მანქანა ბოლოს სოფელ ხაიშში მდგარმა ჭკვიანმა კამერამ დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ ის მანქანას თავად მართავდა. ამის შემდეგ გზაზე კამერები აღარ არის. პოლიცია მანქანის გადაადგილების მარშრუტს ვეღარ ადგენს, თუმცა ადგილობრივებზე დაყრდნობით, ის მოგვიანებით სოფელ გოლთეთში გამოჩნდა, რომელიც გარდაცვლილის პოვნის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ძებნის პროცესში ჩართული იყო დრონები და ვერტმფრენი. ხაიშის მცხოვრებლები დარწმუნებით ამბობენ, რომ ვერტმფრენი სოფლის თავზე მხოლოდ 22 ივლისის დილით გამოჩნდა, ანუ მას შემდეგ, რაც დაკარგული გოგოს ახლობლებმა აქცია გამართეს. ფაქტია, რომ ძებნიდან მეხუთე დღეს აფრენილ ვერტმფრენსაც დაკარგული გოგოს პოვნას მინდორში გამვლელი არასრულწლოვანი მწყემსი ასწრებს. 

პრობლემას, რომლის წინაშეც შეიძლება თამარ ბაჩალიაშვილი მდგარიყო, ოჯახი მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს. 23 წლის ბაჩალიაშვილის პროფესიით პროგრამისტი იყო და კომპანია ZAG-ში მუშაობდა, რომელიც ამერიკაშია რეგისტრირებული და როგორც წარმომადგენლები ამბობენ, პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. ოჯახი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმიანობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ და არც ის იცოდნენ, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სამსახურიდან წამოვიდა.

გამოძიება ბაჩალიაშვილის სამსახურით მხოლოდ ცხედრის პოვნის შემდეგ დაინტერესდა. ამოიღეს კომპიუტერები, სხვა ელექტრონული ტექნიკა, ოფისი და 50-მდე კომპიუტერი ამ დროისთვისაც დალუქულია. კომპანიის ადვოკატის თქმით, ხელმძღვანელებისათვის ცნობილი იყო, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა და მან რამდენიმე დღით ადრე სარეკომენდაციო წერილიც მოითხოვა.

შეიძლებოდა თუ არა ბაჩალიაშვილს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რამე საიდუმლო ინფორმაციაზე შემთხვევით წვდომა ჰქონოდა და ეს გამხდარიყო მისი პრობლემების წყარო, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ისევე, როგორც ბევრ სხვა კითხვას.


close დახურვა