logo
ENG



პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები პრეზიდენტს მიმართავენ, ნიკა გვარამია შეიწყალოს

16 მარ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები პრეზიდენტს მიმართავენ, რომ შეიწყალოს მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შეწყალებას იურიდიულად ხელს არაფერი უშლის.

პროფესორ ზურა პაპასკირის თქმით, ნიკა გვარამიას უკანონო დაკავება ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

"ნიკა გვარამია რომ უსამართლოდაა დაპატიმრებული, მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს იცის უკვე ევროპამ. ეს იცის იმ ხალხმა, ვინც ცდილობს, ფიქრობს იმაზე, რომ საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და ეს დიდი დამაბრკოლებელი პატიმრობა, აუცილებლად უნდა შეწყდეს. გვარამიას თავისუფლება დღეს სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა პაპასკირმა.

გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ მწერლებმა და ლიტერატორებმაც მიმართეს

ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა