logo
ENG



პროფკავშირი ერთობა 2013: დაინფიცირებული მეტროს მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა

27 ნოე 202016:24
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/ap8m2m23fweymhl.jpg

პროფესიული კავშირი "ერთობა 2013" აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაინფიცირებული მეტროს მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული 30 ადამიანი ინფიცირებულია.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ მეტროს სრულფასოვანი მუშაობისათვის დღის ჭრილში 120 მემანქანეა საჭირო, ხოლო ადგილზე დასაქმებულია 220 მემანქანე.

"გამომდინარე აქედან, სამუშაო გრაფიკს უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ ავსებდა ის რაოდენობა მემანქანეებისა, რაც ჯერ კიდევ ახერხებდა მუშაობას. გარდა მემანქანეებისა, სხვადსხვა სამსახურებში კოვიდის გავრცელება საფრთხილო ნიშნულს გასცდა, შესაბამისად ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი თანამშრომელთა დეფიციტის მხრივ. ინფორმაციას დაინფიცირებული თანამშრომლების შესახებ, რომ ეს არაა მიზეზი მეტროს გაჩერებისა, ყველა მოქალაქეს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია კომპანიიდან დაინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ თვითონ განსაჯეთ.

რაც შეება ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ჩვენ ვითხოვდით მეტროს გაჩერებას, ეს ესე არაა. ჩვენ ვითხოვდით ზაფხულის გრაფიკს, რაც მაქსიმალურად აგვარიდებდა ასე უკონტროლო გავრცელებას, ჩვენ ვთქვით რომ თუ სასწრაფოდ არ მიიღო ზომები კომპანიამ, სამწუხაროდ მეტროს მოუწევდა გაჩერება. რაც, სამწუხაროდ, რეალურად მოხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

25 ნოემბერს ერთობა 2013-მა განცხადა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფესიულ კავშირში აცხადებდნენ, რომ არსებობს მეტროს მუშაობის შეჩერების საფრთხე. პროფესიულმა კავშირმა სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს დააკისრა. 

მოგვიანებით, სატრანსპორტო კომპანიამ ერთობა 2013-ს უპასუხა. კომპანიაში განაცხადეს, რომ რეალურად, ინფიცირებულია 25-მდე მემანქანე და მეტროს მუშაობა შეფერხება არ ემუქრებოდა. 

ამასთან, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდებოდა. მისი თქმით, მინსკთან აქვთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საჭიროებისამებრ, ბელარუსიდან ჩამოიყვანენ მემანქანეებს.

26 ნოემბერს მთავრობამ შეზღუდვები დააანონსა, რომლის თანახმადაც 28 იანვრიდან 24 დეკემბრამდე მეტრო არ იმუშავებს.


close დახურვა