logo
ENG



პურზე, რომ ჯემს უსვამენ, ასე წაუსვეს იარაღზე რურუას დნმ-ი - აქცია სასამართლოსთან

30 იან 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის შესახებ უნდა იმსჯელონ.  გიორგი რურუას მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ. ისინი საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ.

აქციებს მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები, სადაც იმ პოლიციელების ფოტოებია, რომლებიც გიორგი რურუასთვის იარაღის შესაძლო ჩადების პროცესში მონაწილეობდნენ.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ოპოზიციონერი ლიდერები. ისინი ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და ამის მიზეზი ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობა და „მთავარი არხისთვის“ ფინანსური დახმარების გაწევაა.

„გიორგი რურუას დაპატიმრება იყო კიდევ ერთხელ გაფრთხილება იმის, რომ თუ არ დაემორჩილებით მახინჯ სისტემას მაშინ ასე დაგაპატიმრებთ. ამიტომ, გიორგი არის პოლიტპატიმარი. გიორგი არის „მთავარი არხის“ აქციონერი და ადამიანი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციებს გვერდით ედგა. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ გიორგის დაპატიმრებით გაუგზავნოს ეს გზავნილი ყველა იმ ადამიანს, ვისაც კრიტიკული მოსაზრებები აქვს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, შსს-ს ქმედება არის სიყალბის ახალი სიმაღლე. მისივე განცხადებით გიორგი რურუას საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.

​ეს არის სიყალბის ახალი სიმაღლე, სიყალბის რასაც ჩვენი შსს მისდევს. იარაღს აღარც დებენ პირდაპირ, უბრალოდ ვითომ ამოღებას აფორმებენ. ამიტომ არის, რომ საქმეში იარაღი არ იყო, მერე რაღაც იარაღი იპოვეს, რომელსაც ადგნენ და პურზე, რომ ჯემს წაუსვამ ასე წაუსვეს გიორგის დნმ. საზიზღრობა და სამარცხვინოც აღარ ჰქვია ამას. ვითხოვთ, რომ გიორგის წინააღმდეგ საქმე შეწყდეს, რადგან ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია“, - აცხადებს უგულავა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, გიორგი რურუას დაპატიმრება ორი მიზეზის გამო მოხდა და ეს მიზეზებია: ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობა და მთავარი არხისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

„გიორგი რურუა დაკავებულია ორი მიზეზის გამო. პირველი - ეს არის ის, რომ ის ატიურად უჭერდა მხარს ახალგაზრდების პროტესტს, მათ შორის ფინანსურადაც ეხმარებოდა და მეორე - ის არის „მთავარი არხის“ წილის მფლობელი და ერთ-ერთი პირველი ვინც ფინანსური დახმარება გაუწია მთავარ არხს. სწორედ ამ ორი მიზეზის გამო მას ჩაუდეს იარაღი და ის დღეს იმყოფება საპატიმროში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა