logo
ENG



პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ბჟანია პოსტსაბჭოთა სივრცეში ქვეყნების კავშირის შექმნაზე საუბრობს

04 დეკ 202023:23
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/04/z7pu0okmnff7ods.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებით, 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, საკავშირო სახელმწიფოს შექმნის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას სოვა ავრცელებს. 

როგორც ბჟანიამ განაცხადა, მოსკოვთან კავშირის ჩამოყალიბებაში რისკებს ვერ ხედავს. ამასთან, სოვა წერს, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით შესაძლოა უკვე გაკეთდა: სოჭში ბჟანიამ და პუტინმა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გეგმა დაამტკიცეს, რომელიც აფხაზეთის რუსულ ველზე ინტეგრაციას ითვალისწინებს. 

"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა შეხვედრაზე თქვა, რომ ევრაზიულ კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში, ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ურთიერთობები ბელარუსთან, აფხაზეთთან, მათთან, ვინც ახლობლად მიგვიჩნევს. განვითარდება გლობალური პროცესები. როგორც ჩანს, პოსტსაბჭოურ სივრცეში ქვეყნების ჯგუფი შექმნის ერთგვარ გაერთიანებას, თუ ეს მათი ქვეყნების ინტერესების შესაბამისი იქნება. ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ, თუ მოსახლეობა წინააღმდეგი არ იქნება. ყველაფერი ამისკენ მიდის და ამაში სარისკოს ვერაფერს ვხედავ, თუ პროცესს სწორი მიმართულებით მივუდექით", - განაცხადა დეფაქტო პრეზიდენტმა. 

რუსეთთან დაახლოება ბჟანიამ იმით ახსნა, რომ "ყველა უკეთესობისკენ მიისწრაფვის". 


close დახურვა