რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, შესაძლოა, ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედოს.
"რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს [ქვეყანაზე]. ამ მხრივ ჩვენ გვჭირდება უზრუნველვყოთ შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდა", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
25 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მიიღო, რომელიც დამატებით 120 ადამიანის და კომპანიის სანქცირებას, სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს და ექსპორტზე შეზღუდვებს მოიცავს.
სანქცირებულთა სიას კიდევ 3 რუსული ბანკი დაემატა. სანქციები მოიცავს ქონების გაყინვას და ფინანსებსა და ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვას. ასევე, ევროკავშირის ცნობით, ახალი შეზღუდვები მოიცავს 11.4 მილიარდის ღირებულების ევროკავშირის ექსპორტებს. დღევანდელი მონაცემებით კი ევროკავშირმა რუსეთში 2021 წლის მისი ექსპორტების 49%-ზე სანქციები დააწესა.