logo
ENG



პუტინი ამბობს, რომ ნავალნი არავის მოუწამლავს, რადგან ის ამად არ ღირს

17 დეკ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის შესახებ გავრცელებულ მედიაცნობებს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გეგმას უკავშირებს, რომელიც მისი "დისკრედიტაციის მიზნით ამოქმედდა". პუტინის თქმით, ნავალნი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტებს ის მოეწამლათ

ნავალნი, რომელიც პუტინის კრიტიკოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საჯარო აქტორია, ბერლინში სამკურნალოდ აგვისტოში გადაიყვანეს. მას კოლაფსი რუსეთში შიდა გადაფრენის დროს, თვითმფრინავში დაემართა. სამი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნანავალნი საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული, თუმცა რუსეთი სამედიცინო დასკვნას ამ დრომდე არ აღიარებს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.  

14 დეკემბერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Belligcat-მა ნავალნის საქმეზე Spiegel-თან და CNN-თან თანამშრომლობით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც საქმეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება, რომ ნავალნის რუსეთის უშიშროების (ეფ-ეს-ბე) თანამშრომლები წლების განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ანგარიშში ვკითხულობთ იმ დაქირავებული მკვლელებისა და ლაბორატორიის დასახელებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ნავალნის მოწამვლის ოპერაციას კურირებდნენ. 

პუტინმა საერთაშორისო გამოცემის საგამოძიებო დასკვნები უარყო და განაცხადა, რომ ის ამერიკული უშიშროების სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციით იყო შექმნილი. 

"ეს რუს ლიდერებზე თავდასხმისთვის მოგონილი ხრიკია", - განაცხადა პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. 

თუმცა პუტინმა არ უარყო, რომ ნავალნის უშიშროების სამსახურები მართლაც უთვალთვალებდნენ, თვალთვალის მიზეზად კი, ნავალნისა და აშშ-ის უშიშროების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობა დაასახელა, რასაც ნავალნი უკვე წლებია უარყოფს. 

"თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა საჭირო იყო", - ამბობს პუტინი, - "ის არავის სჭირდება". 

მან ისიც თქვა, რომ ნავალნის მოწამვლის სურვილი სახელმწიფო სამსახურებს რომ ჰქონოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. 

"ვინმეს რომ მისი მოწამვლა მართლაც ნდომებოდა, საქმეს ბოლოდე მიიყვანდა", - ამბობს პუტინი. 

ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 


close დახურვა