რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლონეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის მიმართ ტერიტორიული ამბიციების ქონაში სდებს ბრალს. კერძოდ, პუტინი ირწმუნება, რომ პოლონეთის ინტერესებში უკრაინის ნაწილის დაკავება შედის.
საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა დღეს, უშიშროების საბჭოს სატელევიზიო სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლონეთის მთავარი მიზანია თავისი "ისტორიული ტერიტორიები", დღევანდელი დასავლეთი უკრაინა დაიბრუნოს.
"რაც შეეხება პოლონელ ლიდერებს, ისინი, დიდი ალბათობით, ელიან NATO-ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას და უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში. ამ გზით, შეეცდებიან უფრო მსუყე ნაჭერი მოიპოვონ და დაიბრუნონ, მათი აზრით, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები - დღევანდელი დასავლეთ უკრაინა", - განაცხადა პუტინმა საბჭოზე.
პუტინი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთი ნებისმიერ აგრესიას ბელარუსის მიმართ ავტომატურად კრემლისთვის საფრთხედ აღიქვამს და დაუყოვნებლივ, "მოსკოვის ხელთ არსებული ყველა საშუალებით" უპასუხებს და გადადგამს შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს.
პუტინმა ეს კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა დაიწყო 1 000-ზე მეტი მებრძოლისა და სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთით, ბელარუსის საზღვრისკენ გადაყვანა.
პოლონეთმა ეს ნაბიჯი ბელარუსში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ გადადგა. კერძოდ, საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, რომლებსაც ვაგნერის მებრძოლები და ბელარუსი სამხედროები ატარებენ ბრესიტის სამხედრო ბაზაზე, პოლონეთის საზღვრიდან ძალიან ახლოს - 5 კილომეტრის დაშორებით.
საზღვართან გამართულ წვრთნებს პოლონური მხარე შემდეგნარად გამოეხმაურა - პოლონეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთის საზღვრები უსაფრთხოა და მუდმივად აკვირდებიან აღმოსავლეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს და მზად არიან "ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის".