logo
ENG



პუტინი ჩინეთში ჩავიდა, ის სი ძინპინს ხვდება

16 მაი 202408:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/bfje7bg7pd5drwb.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, სადაც ამჟამად თავის კოლეგას სი ძინპინს ხვდება. ეს პუტინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის მეხუთე ვადით "არჩევნებზე" პრეზიდენტად აირჩიეს. 

ჩინეთში პუტინს დახვედრის ცერემონიალი მოუწყვეს - შესრულდა რუსეთის და ჩინეთის ჰიმნები. პრეზიდენტის მარშრუტი წითელი ხალიჩით იყო გაფორმებული.

BBC იუწყება, რომ დახვედრის ცერემონიალზე იყო სპეციალური მუსიკალური არანჟირება - ჩინელი მარშის ჯგუფი უკრავდა წითელი არმიის - ვალსის მსგავს საბჭოთა სიმღერას. 

ასევე BBC ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ჩინელი და რუსი ბავშვები, რომლებმაც "ქორეოგრაფიული მხიარულება" ატეხეს მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა მათ გვერდზე გაიარეს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის დელეგაციაში არიან პუტინის მიერ ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, მისი წინამორბედი და ამჟამად უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საგარეო პოლიტიკის მრჩეველი იური უშაკოვი.

ვიზიტის დაწყებისთანავე სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა.

"ძვირფასო პრეზიდენტო - ჩემო ძველო მეგობარი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით. არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენ დადეთ ფიცი და გახდით პრეზიდენტი მეხუთე ვადით. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და რუს ხალხს", - უთხრა სი ძინპინმა პუტინს.

BBC წერს, რომ ორი პრეზიდენტის პრესკონფერენცია ბეიჯინგის დროით 13:00 საათისთვის არის ჩანიშნული.


close დახურვა