რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის უკრაინის განადგურებას არ აპირებს.
"ჩვენ არ დაგვისახავს უკრაინის განადგურების ამოცანა. არა, რა თქმა უნდა, არა," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
გუშინ, პუტინმა განაცხადა, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 21 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 300 000-დან 222 000 ადამიანის მობილიზაცია განხორციელდა. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია სრულდება და საყოველთაო მობილიზაცია არ იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის ფედერაცია დღემდე არ აღიარებს უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებას. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და კრემლი ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ.
გარდა ამისა, რუსეთში დაწესებულია "სამხედრო ცენზურა", რომლის მიხედვითაც უკრაინაში მიმდინარე ომის გაკრიტიკება რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გამო მათ აჯარიმებენ ან აპატიმრებენ.