logo
ENG



პუტინის თქმით, მოსკოვში სი ძინპინთან შესახვედრად ემზადება

01 მარ 202322:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/kr8gxvmojwo904y.jpg

ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდება. რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, შეხვედრის დროს პუტინი გეგმავს ჩინეთის დელეგაციას მოსკოვის მეტროს ხაზი აჩვენოს. TASS წერს, რომ ჩინური სამშენებლო საწარმოს რუსული განყოფილება ამ მონაკვეთის მშენებლობაში იყო ჩართული.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი წერია იმის შესახებ, ისაუბრებენ თუ არა ისინი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. თუმცა სი ძინპის მიწვევასთან დაკავშირებით დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ვიზიტი "მთელ მსოფლიოს დაანახებს რუსეთ-ჩინეთის კავშირების სიმტკიცეს საკვანძო საკითხებზე და გახდება წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ორმხრივ ურთიერთობებში".

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთი რუსეთის საკვანძო მოკავშირე გახდა. 26 თებერვალს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მანამდე CNN-მა აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი რუსეთს, შესაძლოა დრონებით და საბრძოლო მასალით დაეხმაროს. როგორც CNN-ს წყარო უყვებოდა, ჩინეთსა და რუსეთს შორის აღჭურვილობის ფასსა და მოცულობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეა.

გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება - გასულ კვირას აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.


close დახურვა