logo
ENG



პუტინის თქმით, რუსეთს ჯერ არ მიუღწევია მიზნებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში

09 თებ 202410:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/7wmtwaaz3p97yk4.jpeg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ჯერ არ მიუღწევია თავისი მიზნებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს განცხადება მან Fox News-ის ყოფილ წამყვან, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა.

მიზეზად, რატომაც "ვერ აღწევს" რუსეთი თავის მიზნებს უკრაინაში, პუტინმა კვლავ დენაციფიკაცია დაასახელა.

"ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, ერთ-ერთი მიზანი კი დენაციფიკაციაა. ეს გულისხმობს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დასრულდა სტამბოლში გასულ წელს", - თქვა პუტინმა.

პუტინმა მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს "რუსეთის ინიციატივით" არ დასრულებულა. ის ამბობს, რომ რუსეთის მიერ საჭირო პირობების შექმნის შესახებ, რათა დოკუმენტზე საბოლოოდ ხელი მოეწერათ, მას ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს.

"ჩემმა კოლეგებმა საფრანგეთიდან და გერმანიიდან თქვეს: "როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, იარაღით თავში? კიევიდან ჯარები უნდა გავიდნენ". მე ვთქვი, კარგი, და ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები კიევიდან", - თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინელებმა "ნაგავში გადაყარეს" ეს შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს და მოემზადნენ შეიარაღებული დაპირისპირებისთვის აშშ-ისა და მხარდამჭერების დახმარებით.

პუტინმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს.

"ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენ მუდმივად გვესმის: მზად არის თუ არა რუსეთი? დიახ, ჩვენ არ გვითქვამს უარი! მათ [უკრაინამ] საჯაროდ თქვა უარი", - ამბობს პუტინი. 

ამავე ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ "სჯერა" რუსეთი და უკრაინა ადრე თუ გვიან "შეთანხმდებიან".

"ადრე თუ გვიან შევთანხმდებით. გამოიცანით რა? დღევანდელ ვითარებაში შეიძლება, უცნაურადაც კი ჟღერდეს: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა. 


close დახურვა