logo
ENG



პუტინის მორიგ აგრესიას ვოლსკი ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს

04 იან 202116:41
3 წუთის საკითხავი
 
პუტინის მორიგ აგრესიას ვოლსკი ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მორიგ აგრესიას ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს. ასე გამოეხმაურა ვოლსკი პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენა დაავალა.

ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ხელი კვლავ წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა და ენმ სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში, აგრესიის ხელშეწყობასა და ტერიტორიების გადაცემაში დაადანაშაულა.

"მე ძალიან მძიმე შეფასება მაქვს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის დათმობითი პოზიცია რუსეთისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიური შეხსენების იგნორირება, ის, რომ ხელი შეუწყვეს აგრესიას, ის, რომ გაუფორმეს ამ აგრესორებს ოკუპაციის მართებულობა ხელმოწერით საერთაშორისო დონეზე, ის, რომ მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები, დღეს კიდევ ეს პოლიტიკა თავს გვახსენებს თავისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სახით და მძიმე ასპექტით, ეს არის ე.წ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა", - თქვა ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს შედეგი მოგვცა".

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ქმედება, ვოლსკი პასუხობს, რომ "რა საკვირველია, პროვოკავია, უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვაა". მან საუბარი კვლავ წინა ხელისუფლებაზე გააგრძელა:

"სწორედ ამის საშუალება მისცა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ეს არის პრობლემა და პრობლემაა კიდევ ის, რომ ამ ძალას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები და თავისი რუპორი მედიასაშუალებები, აქედან გამომდინარე, კიდევ ქმნიან რაღაც აჟიოტაჟს, როდესაც საერთოდ გაჩუმებულები უნდა იყვნენ და ალბათ, უნდა ინანიებდნენ თავის ცოდვებს, რომელიც ჩაიდინეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე".

გუშინ, 3 იანვარს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა პეტრაკოვს საქართველოსთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენა დაავალა.


close დახურვა