logo
ENG



პუტინის რეჟიმის ტერორისტად აღიარება, იარაღი უკრაინას - PACE-ს რეზოლუცია

13 ოქტ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/o5jn4pvy3yoqglr.jpg

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ინფორმაციას ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი მარია მეზენცევა ავრცელებს.

მისი თქმით, ამ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსული რეჟიმი ტერორისტია.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ კი განაცხადა, რომ ეს მორიგი მძლავრი სიგნალია რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს გლობალურად აღიარების გზაზე.

„მომხრე 99 დეპუტატი. ერთმა თავი შეიკავა. ეს ისტორიული შედეგია. ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა. ეს არის გლობალური მასშტაბით მძლავრი სიგნალი და ეს არის მორიგი ნაბიჯი რუსეთისთვის, რომ აღიარებული იყოს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ - განაცხადა რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ.

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მარია მეზნეცევამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანას, ამ შემთხვევაში უკრაინას, იარაღი მიაწოდონ.

მეზენცევას თქმით, მიღებულ რეზოლუციაში ასევე საუბარია შემდეგ საკითხებზე:

  • რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაგმობა და საერთაშორისო სამართლის დანაშაულად აღიარება;
  • უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება;
  • უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულების გასამართლებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის დაჩქარება;
  • კომპენსაციის ყოვლისმომცველი საერთაშორისო მექანიზმის, მათ შორის ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა;
  • ისეთი მექანიზმის შექმნა, რითაც მუდმივად დადასტურდება ის ზომები, რაც რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევებზე პასუხისგებისთვის უნდა დაეკისროთ;
  • უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება;
  • ევროპული საბჭოს ქვეყნების ლიდერთა მე-4 სამიტზე რუსეთის პასუხისმგებლობის  დღის წესრიგის მთავარ საკითხად დაყენება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების გაწმენდა რუსი აგენტებისგან;
  • გაეროში რუსეთის მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხი.

უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპული საბჭო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი საკუთარი რიგებიდან გარიცხა.

2014 წლის აპრილში ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ჩამოართვა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მისი წარმომადგენლები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ასამბლეის ყველა მმართველი ორგანოდან გარიცხა.

2019 წლის ივნისში ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის წარმომადგენლების ასამბლეაში დაბრუნება შესაძლებელი გახდა.

2022 წელს უკრაინაში მორიგი აგრესიის შემდეგ კი 15 მარტს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია გარიცხა. გადაწყვეტილებას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა.


close დახურვა