პუტინმა და ერდოღანმა სირიაში მომხდარი თავდასხმა სატელეფონო საუბარში განიხილეს. კომუნიკაცია მათ შორის მას შემდეგ შედგა, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, 32 კი დაიჭრა.
თურქეთმა თავდასხმას ასადის ძალების პოზიციებზე დარტყმებით უპასუხა. დაიღუპა 300-ზე მეტი სირიელი ჯარისკაცი. სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოფიციალურმა ანკარამ მოკავშირეებს ატლანტიკური საბჭოს საგანგებო ხსდომის მოწვევა სთხოვა. შეხვედრა ალიანსის შტაბინაში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოკავშირეებმა თურქეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, რუსეთს კი იერიშების შეწყვეტა მოსთხოვეს.
იდლიბი ერთადერთი პროვინციაა სირიაში, რომელსაც ოპოზიციის მებრძოლები აკონტროლებენ. ასადის არმიამ კი მის დასაბრუნებლად სამხედრო მოქმედებები განაახლა. გამუდმებული იერიშების გამო იდლიბს ყოველდღიურად ათსობით ადგილობრივი ტოვებს და თუქრეთის საზღვრისკენ მიემართება.
იდლიბის პროვინცია ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. საომარი მოქმედებების გამო 170 ათასზე მეტ სირიელს ცხოვრება ღია ცის ქვეშ უხდება. ასადის არმიას რუსეთი მძიმე ტექნიკისა და ავიაციის გარდა სამხედრო გემებითაც დაეხმარება. ორი რუსული ხომალდი სირიის სანაპიროსკენ უკვე მიემართება.