რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფეთქების შედეგად დაღუპული ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტი აქვეყნებს.
3 აპრილს სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქების შედეგად რუსეთის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.
"ფონტანკას" ცნობით, თვითმხილველებმა გამოცემის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარი აფეთქების საქმეზე დარია ტრეპოვა დააკავა.
ტრეპოვას ბრალად ედება სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც რუსი პროპაგანდისტი და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მომხრე ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.