logo
ENG



პუტინმა ლუკაშენკოს ტელეფონით დაბადების დღე მიულოცა და მოსკოვში მიიწვია

30 აგვ 202016:41
3 წუთის საკითხავი
 
პუტინმა ლუკაშენკოს ტელეფონით დაბადების დღე მიულოცა და მოსკოვში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდეტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ტელეფონით დაბადების დღე მიულოცა.

კრემლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდა. მათივე ცნობით, პუტინის მიწვევით, ლუკაშენკო მომავალ კვირაში მოსკოვში ჩავა. 

ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დააკავეს.


close დახურვა