logo
ENG



პუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ მის გაცვლას განიხილავდა

18 მარ 202409:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/18/x0qwbi8gsgy252p.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, საარჩევნო შტაბში ერთსაათიანი პრესკონფერენციის დროს პირველად ახსენა დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გვარი და პირველი კომენტარი გააკეთა მის დაღუპვაზე.

ვლადიმერ პუტინმა "სამწუხარო მოვლენა" უწოდა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას და თქვა, რომ "ასეთია ცხოვრება". პუტინმა დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას იმ პირობით, თუ ალექსეი ნავალნი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. მან თქვა, რომ ნავალნის გაცვლის იდეა დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში "ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა ზოგიერთმა კოლეგამ" შესთავაზა.

"სხვათა შორის, გეტყვით და ეს ძალიან მოულოდნელი იქნება. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, არა ადმინისტრაციის წევრმა მითხრა, რომ იყო იდეა ბატონი ნავალნი გაცვლილიყო ზოგიერთ ადამიანზე, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან. შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ არა, იმ ადამიანს, ვინც მესაუბრებოდა წინადადება ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, ვუთხარი - თანახმა ვარ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდებოდა - ჩვენ მას გავცვლიდით და ის არ უნდა დაბრუნდეს", - განაცხადა პუტინმა.

მანამდე, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამტკიცებდა, რომ ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გაცვლა FSB-ს ოფიცერზე, ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში მკვლელობაშია მსჯავრდებული. როგორც ის ვიდეომიმართვაში აცხადებდა, 15 თებერვალს მან მიიღო დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა. მეორე დღე კი ნავალნის სიკვდილის შესახებ განაცხადეს.

ვადიმ კრასიკოვი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცრად მიიჩნევა, ბერლინში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, თორნიკე (ზელიმხან) ხანგოშვილის მკვლელობას ედავებიან. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.

იმის შესახებ, რომ ნავალნი შეიძლება კრასიკოვზე გაეცვალათ, გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა 18 თებერვალს დაწერა. გამოცემა წერდა, რომ მოლაპარაკებებში მოსკოვი, ვაშინგტონი და ბერლინი მონაწილეობდნენ.

თვითონ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს, 8 თებერვალს, მიანიშნა, რომ მზადაა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვი კრასიკოვზე გაცვლაზე. ამ კონტექსტში მას ნავალნი არ უხსენებია.


close დახურვა