საქართველოში ისრაელის ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელის აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სიახლე კი ისაა, რომ Georgian Airway-ს პირდაპირ ფრენებს წყვეტს და რეისები ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე გადააქვს. მაგრამ, ელჩის თქმით, საქართველოში გამოფრენის მსურველებს ალტერნატივები აქვთ.
"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას [Georgian Airways] რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს. რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია ელალი, ისრეარი და აირკი. ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ჟვანიამ.
როგორც ჟვანია ამბობს, ბოლო ორი კვირის მანძილზე ისრაელიდან საქართველოში, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა.
რაც შეეხება ისრაელში არსებულ ვითარებას, ელჩის განცხადებით, მდგომარეობა კვლავ დაძაბულია და ჩრდილოეთის მხარეს უფრო იძაბება. მისი თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის ადამიანები, რომლებიც აშკელონში ცხოვრობენ და თავშესაფარი არ აქვთ, ევაკუირებულები უნდა იყვნენ.
"კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებული არიან საელჩოში და ტელეფონის ნომრები გვაქვს. გუშინ ყველასთან განხორციელდა ზარი და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. დაგვიდასტურეს, რომ ნაწილი, რომელიც ბინებში ცხოვრობენ და უვლიან მოხუცს ან ოჯახებში მუშაობენ, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ. ნაწილი, რომელთა ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდება, ისინიც გაჰყვებიან ოჯახის წევრებს. ღაზის სექტორის გარშემო 7-კილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და ჩვენ ამ 7-კილომეტრიან ზოლში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ გვყავს", - თქვა მან.