„გაბუნიასთან დაკავშირებული ამბავი აჩვენებს, რომ რუსულმა ჟურნალისტების მკვლელობის პრაქტიკამ გადმოინაცვლა საქართველოში", - ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილი ინფორმაციას დაკავებული ჩეჩენის მიერ ჟურნალისტის მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რუსეთში ეს მიღებული პრაქტიკაა და ის მედიისთვის საშიშ ქვეყნადაც ითვლება, მაგრამ მსგავსი ქეისის საქართველოში არსებობა ნიშნავს, რომ ამ სივრცემ ჩვენს ქვეყანაში გადმოინაცვლა.
სალომე სამადაშვილი, ასევე, ამბობს, რომ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება.
„ჟურნალისტების მკვლელობა არის რუსეთში ჩვეული ამბავი - ის ითვლება ჟურნალისტებისთვის ერთერთ სახიფათო ქვეყნად. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში. გაბუნიასთან დაკავშირებული მძიმე ამბავი აჩვენებს, რომ ამ სივრცემ გადმოინაცვლა ჩვენს ქვეყანაში. როცა გვეუბნებიან მოკავშირეები, მათ შორის აშშ-ის კონგრესი, რომელიც ანგარიშში წერს, რომ რუსეთს ემსგავსება საქართველოს პოლიტიკური გარემო, ხდება პუტინის რეჟიმის ტიპის სახელმწიფო და შორდება დასავლეთს. ვსაუბრობთ მკვლელობის მცდელობა ერთერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტის - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ადამიანი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა დავალებული.