ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ტაბულას მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ტელეკომპანიის დირექტორი პაატა სალია აწერს ხელს, რეორგანიზაციის მიზეზად "პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა" დასახელებული.
სტრუქტურული რეორგანიზაცია კომპანიაში დასაქმებული "ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციასაც" გულისხმობს.
"10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს არსებული სტრუქტურა და დამტკიცდეს ახალი" - ვკითხულობთ ტელეკომპანიის დირექტორის ბრძანებაში.
სალია დოკუმენტის ნამდვილობას ფორმულასთან ადასტურებს. ტელევიზიის დირექტორი აცხადებს, რომ რუსთავი 2 -ში რეორგანიზაციის გამოცხადება სარედაქციო და საკადრო პოლიტიკის ცვლილებას არ უკავშირდება.
ტელეკომპანია რუსთავი 2 მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, ქვეყნის შიგნით მრავალწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 18 ივლისს გადაეცა. იმავე დღეს ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნიკა გვარამია დირექტორობიდან გადააყენა და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნა.
ტელეკომპანიის მფლობელის ცვლილებიდან რამდენიმე დღეში რუსთავი 2-დან გაათავისუფლეს ის ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული სარედაქციო პოზიციით გამოირჩეოდნენ. რუსთავი 2-დან წასულმა თანამშრომლების ნაწილმა ახალი ტელევიზია, მთავარი არხი დააფუძნეს.