მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, თბილისში ოლქების განაწილებას „ქართული ოცნება“ მასზე მორგებული მოდელით აპირებს, რაც დაუშვებელია. ოპოზიციის მთავარი ინტერესია თუ როგორ გადაანაწილებს ახლა „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ ოლქებს.
„ფაქტია, რომ პირველი რაც იქნა დაფიქსირებული, თბილისს უნდა ჩამოაკლდეს ადგილი - მაგრამ თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ამას შეუძლია გადაარჩინოს ივანიშვილი, ძალიან ცდება. ჩვენ გვექნება ამაზე რეაქცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ხელოვნური ცდომილება არ იყოს", - აცხადებს გიგა ბოკერია.
ოლქების ქურდობაში სდებს ბრალს რომან გოცირიძე მმართველ პარტიას. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, თბილისში შვიდი ოლქის არსებობა დაუშვებელია.
„უკვე არის მცდელობა ოლქების საკუთარ თავზე მორგებისა - ღვინის ქურდები გაგვიგონია, ხმის ქურდებიც გაგვიგონია, თუმცა ოლქების ქუდები პირველად გვესმის. მათ უნდათ, რომ თბილისში რვა ოლქის ნაცვლად იყოს შვიდი ოლქი - ეს არის მათი მოსაზრება, მაგრამ საბოლოო ჯამში შევთანხმდებით პარტიები", - ამბობს გოცირიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი აცხადებს, რომ 120-30-ზე პროპორციით განაწილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ის სრულად პროპორციულ მოდელს ემხრობა.
„ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ, რადგან არ ვთვლი, რომ ესაა ოცი ივნისის შემდგომი მონაპოვარი - ეს უკვე ვაჭრობას დაემსგავსა და არა საზოგადოებრივ სიკეთეზე მსჯელობას მას ჩემი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მმართველ პარტიაში კი თბილისის ოლქებზე დავას ხელოვნურს უწოდებენ და ამბობენ, რომ თბილისი შვიდი ოლქის არსებობით არ იქნება დანაკლისში.
„მხარს დავუჭერ ამ ინიციატივას. ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით ხელოვნური ვნებათაღელვაა - ჩვენი გუნდის შემუშავებული გეგმა ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და გათვალისწინებულია რეგიონალური საჭიროებები. არის შფოთვა თბილისის მაჟორიტარებზეც - თბილისი არ იქნება დანაკლისში, თუ ერთით ნაკლები დეპუტატი ეყოლება", - აცხადებს ნინო წილოსანი.
უმრავლესობაში, ასევე, აცხადებენ, რომ ოლქების ასეთი განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროსაბჭოს რეკომენდაციაა - ხელოვნურ არეულობას კი ადგილი ვერ ექნება.
„არეულობის შესაძლებლობა არის გამორიცხული - ნებისმიერი სხვა არჩევნები, რომც დაინიშნოს 2024 წლამდე, იქნება ამ სისტემით. მე მხარს ვუჭერ ამ საკანონმდებლო ინიციატივას - 120 ათას ამომრჩევლამდე უნდა განისაზღვროს ერთ ოლქში და, შესაბამისად, ოლქები დალაგდება ლოგიკურად", - განაცხადა კობა ლუსმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა მათ საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ.