მიწისძვრის ეპიცენტრი, თბილისიდან 1134 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თუმცა ასეთი მასშტაბური სტიქია, ადამიანური ტრაგედიების გარდა, გვაფიქრებს იმაზეც, რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობთ თავს ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები. მიწისძვრის ან მისი სიმძლავრის წინასწარ პროგნოზირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა უკვე საუკუნეებია ადამიანები ფიქრობენ შესაძლო გამოსავალზე, როგორ გავხადოთ უფრო უსაფრთხო ის გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. მაგალითად, როგორ ავაშენოთ საცხოვრებელი კორპუსები ისე, რომ შენობამ რაც შეიძლება დიდი სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლოს. ამისთვის არსებობს კანონები და სპეციალური რეგულაციები, თუმცა რამდენად იცავენ საქართველოში ამ კანონებს, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი აღსრულების მაკონტროლებელი ორგანო უბრალოდ არ არსებობს; ქალაქში, რომლის ყველა უბანი უკვე ბეტონის ჯუნგლებადაა ქცეული, არავინ ამოწმებს რამდენად კეთილსინდისიერია დეველოპერი, ვისაც თქვენ ათობით ათას დოლარს უხდით და ისინიც გარწმუნებენ, რომ თქვენი საცხოვრებელი კორპუსი, ამა თუ იმ სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს. მოგიყვებით რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი კორპუსები და რა ხდება რეალურად