პროკურატურამ ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარის და ქრთამის მიცემის საქმეზე, რომელზეც საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის 2 წარმომადგენელია დაკავებული, გამოძიება დაასრულა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილს აქვეყნებს. საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოში გადადის.
პროკურატურა აცხადებს, რომ სხვადასხვა მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქმეში პროკურატურას არავითარი მტკიცებულება არ აქვს, რაც, უწყების თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს.
"აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გაასაჯაროვოს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი", - აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მას, ნაციონალური მოძრაობის სახელით, მედიასთან საჯარო განცხადების გაკეთების სანაცვლოდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ქრთამის სახით, 50 000 დოლარი შესთავაზეს.
პროკურატურის ამტკიცებს, რომ ქრთამის აღების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს, განცხადების გაკეთების შემდეგ, თანამდებობა დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა.
"ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს, უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ", - ამტკიცებს პროკურატურა.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აკაკი კობალაძის სახლიდან ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა, რომელსაც, მათი მტკიცებით, კობალაძე თავის საცხოვრებელ სახლში 2020 წლის 7 ნოემბრამდე ინახავდა.
მტკიცებულებების ნაწილი კი, რომელსაც პროკურატურა ასაჯაროვებს, Whatsapp-ის მიმოწერების სურათებია, სავარაუდოდ, ბრალდებულებს და ერთ-ერთ ბრალდებულსა და გობეჯიშვილს შორის.
"რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინაო. წესიერად მოიქეცი რა, შანსი არ აქვთ ამათ დარჩენის და ნუ ჩაყვები, მაგათ მაყუთი მაინც აკეთეს და შენ რატომ გიღირს ვერ ვხვდები", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ მტკიცებულების სახით გასაჯაროვებულ მიმოწერის სქრინში, რომელშიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ბრალდებული გობეჯიშვილს სწერს.
მეორე სურათში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდებული მეორე ბრალდებულს გობეჯიშვილთან მინაწერის შესახებ უყვება:
მიმოწერის ორი სხვა სურათის კონტექსტი კი გაუგებარია, პროკურატურამ გამოქვეყნებისას მტკიდებულებებს განმარტებები არ დაურთო.
პროკურატურის მტკიცებით, გამოქვეყნებული სურათები "ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, თ.გ-ს ემუქრებოდნენ, მათ შორის, იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თ.გ-ს დააპატიმრებდნენ".
პროკურატურას არ გამოუქვეყნებია ქრთამის შეთავაზების და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებასთან დაკავშირებული არცერთი მტკიცებულება, თუმცა უწყებაში ამტკიცებენ, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში, სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვეს.
"მოპოვებულია არაერთი საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება", - აცხადებენ პროკურატურაში.
საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა.
პროკურატურამ კობალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ხუსვიკაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" წარუდგინა.
ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების ამ ბრალდებებს ამორალური უწოდეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს.
მმართველი პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებები ოპოზიციის პროტესტის, მათი მხრიდან არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე საუბრის და საპროტესტო აქციისთვის სამზადისის ფონზე გაისმა.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.