logo
ENG



რა პოლიტიკური ფასი დაუჯდება ქართულ ოცნებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება

08 ივლ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

რა პოლიტიკური ფასი დაუჯდება ქართულ ოცნებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, - ეს კითხვა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს მას შემდეგ, რაც ამერიკის კონგრესის კომიტეტმა საქართველოსთვის დახმარების შემცირება დემოკრატიას, კორუფციას და კანონის უზენაესობას დაუკავშირა. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ვაშინგტონის საგანგაშო გაფრთხილებას შესაძლოა, იგნორირების შემთხვევაში მალევე მოჰყვეს სანქციები ქვეყნის არაფორმალური მმართველის წინააღმდეგ. 

დემოკრატიული გამოწვევების დაძლევის და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას პანდემიის მოტივით ახანგრძლივებს. ახლა სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, გააუქმებს თუ არა ჯანდაცვის შესახებ კანონს უმაღლესი ინსტანცია. 

ოპოზიციისთვის ქართული ოცნების ეს ინიციატივა კონსტიტუციის შეურაცხყოფაა. ისინი შიშობენ რომ ცვლილებებს ხელისუფლება არჩევნებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდავად და ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს. სწორედ ამის გამო, მათი შეფასებით, უფრო მკვეთრი გახდა დასავლეთის მხრიდან გაფრთხილებები. ამის ერთ-ერთ დასტურად კი კონგრესის ინიციატივა მოჰყავთ, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვას გულისხმობს, ვიდრე ამერიკის ადმინისტრაცია დარწმუნდება, რომ საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისთვის არ გადაუხვევია. 

არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ კონგრესის ინიციატივა უკვე გარკვეული სანქციაა საქართველოს მთავრობის მიმართ, თუმცა ის შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი გახდეს. პოლიტიკური პარტიები არ გამორიცხავენ, რომ გაზრდილი უფლებამოსილება ხელისუფლებამ სწორედ ოპონენტების შესაზღუდავად გამოიყენოს. 

არა კონსტიტუციურობის მოტივით მთავრობის შეზღუდვებზე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს პარტიების ნაწილი. მათი მოტივაცია კი ეკონომიკურის გარდა, შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლებაა, რაც მთავრობამ შეიძლება მიიღოს.

პარლამენტი საკანონმდებლო ჩანაწერისთვის ვადის 15 ივლისის შემდეგ გაგრძელებას კენჭს მომავალ კვირაში უყრის. ცვლილება მთავრობას პანდემიის გამო ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლებას უხანგრძლივებს.


close დახურვა