logo
ENG



რა პროცედურები უნდა ჩატარებულიყო ვაკის პარკის რეაბილიტაციის დროს - CAI-ს დირექტორი

13 ოქტ 202219:32
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია განმარტავს, თუ რა პროცედურები უნდა ჩატარებულიყო ვაკის პარკის რეაბილიტაციის დროს და რა ტიპის უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული.

შელიას თქმით, "იმისთვის რომ მერიამ ჩაიბაროს გარკვეული სამშენებლო პროექტი, რომელიც შესრულებულია კერძო კომპანიის მიერ, მათ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის, ანუ ობიექტური ინსპექტირების ორგანო, რომელმაც უნდა შეამოწმოს დოკუმენტაცია, უნდა ჩაატაროს შესაბამისი გამოცდები და ტესტები, ხოლო კომპანია უნდა იყოს აკრედიტებული".

"ხარისხის ინფრასტრუქტურა არის ჩამოშლილი, რაც ყოველდღიურობაში არ ჩანს. სამწუხაროდ ნათელი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ხდება ასეთი უბედური შემთხვევები... რამდენიმე ეტაპი არის ჩამოშლილი. პირველ რიგში, როცა ეს სისტემა გაკეთდა, ტექნიკური თვალსაზრისით, 2 სხვადასხვა მოწყობილობა აქვს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას - ერთი არის დენის გაჟონვის წინააღმდეგ მოწყობილობა, რომელიც უნდა აფიქსირებდეს იმ მდგომარეობას, როდესაც არის დენის გაჟონვა და თიშავდეს სისტემას. ესე იგი ეს სისტემა არ მუშაობდა, საერთოდ არ არსებობს, არ იყო ჩართული თუ გაუმართავია ეს ცალკე საკითხია.

მეორე - აუცილებლად უნდა იყოს დამიწების მოწყობილობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა დენის გაჟონვა, ამ დამიწების მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ადამიანს დენმა არ დაარტყას და ძაბვა გადავიდეს სხვაგან. ეს უნდა ყოფილიყო ადგილზე და უნდა გაეკეთებინა კომპანიას.

მეორე ეტაპი არის, რომ როცა მერიამ ჩაიბარა ობიექტი, მას უნდა უზრუნველყო ინსპექტირება. შემოწმების დროს უნდა გაეტესტათ ეს სისტემა. ეს რომ ასე მომხდარიყო, იქ დაფიქსირდებოდა, რომ დენი ჟონავს. ის რაც მოხდა დღეს, მოხდა იმიტომ რომ კორუფციის გამოვლინება არის სწორად ის, რომ ბევრი დეტალებში არ აკეთებს თავის საქმეს, ვიღაცა რაღაცას ჩაიბარებს, არარსებულ რაღაცას გააკეთებს", - ამბობს შელია. 

ის აგრეთვე მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ მაღალი თანამდებობის პირები მომხდარზე პასუხს აგებენ, პრეცედენტი შეიქმნება და სხვა დროს მსგავსი ფაქტები აღარ მოხდება. 

"მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს, რომ ვიღაცამ მაღალი თანამდებობის პირმა უნდა აგოს ამაზე პასუხი. ისე კი არა, რომ გამოძიება დავიწყეთ, მერე ვიღაც პირობითი დაისაჯა, პასუხს უნდა აგონ მაღალი თანამდებობის პირებმა. მათ ეცოდინებათ, რომ სხვა დროს საზოგადოება ამას არ მიიღებს, შესაბამისად ორჯერ და სამჯერ გადაამოწმებენ რაღაცებს და რაღაც ნაცნობობის და თანხების გამო არ უღირთ...", - თქვა შელიამ ფორმულასთან საუბარში.

***

დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.


close დახურვა