logo
ENG



რა საჭირო იყო და რა შეცვალა - როგორია საგანგებო მდგომარეობის მეორე დღე

22 მარ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის მეორე დღეს მოსახლეობის ცხოვრების წესი უცვლელია: ისინი ისევ დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისევ მუშაობენ ან  სეირნობენ და მაღაზიებსაც ხშირად სტუმრობენ. თუ ვინმე სოციალურ დისტანციას იცავს, ეს მათი არჩევანია და არა საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შედეგი. 

რა საჭირო იყო და რა შეცვალა - ეს არის კითხვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დეკრეტის ტექსტის გაცნობის შემდეგ ყველაზე ხშირად დაისვა. უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ დეკრეტით განსაზღვრული ზომები არასაკმარისია და ვერც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის იქნება ეფექტიანი. ის დეკრეტის ტექსტის არაკონსტიტუციურობაზეც მიანიშნებს და ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.  

დეკრეტი, ანუ ტექსტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს მართვის წესებს არეგულირებს, არაკონსტიტუციურია კონსტიტუციონალისტებისთვისაც. მთავარი დარღვევა ის ფაქტია, რომ პრეზიდენტმა მთავრობას უფლება მისცა თავად განსაზღვროს, რომელ უფლებებს შეუზღუდავს მოქალაქეებს, თანაც ისე, რომ ეს გადაწყვეტილებები მკაცრ საპარლამენტო კონტროლს არ გაივლის. ე.წ. შავი ხვრელი მთავრობას განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევს, რაც შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში დავების საფუძველიც კი გახდეს.  

დეკლარაციის ტექსტს სხვა პრობლემებიც აქვს. ოპოზიცია მთავრობას სხვადასხვა ჯგუფის მიმართ შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს და სოციალური დისტანცირების საკითხის დაზუსტებას სთხოვს. პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე მხარდაჭერით პასუხისმგებლობის მანდატი მთავრობას სრულად გადაულოცეს.  

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არაფერი შეუცვლია ჯანდაცვის ექსპერტებისთვის. ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე ფიქრობს, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სოციალური დისტანციის რეკომენდაციის კონტროლის გამო მოუხდა. მისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნაადრევი იყო იმ სოციალური და ეკონომიკური შედეგის გამო, რომელიც ამ პროცესს მოჰყვება. 

ექსპერტების შეფასებით, მთავრობას აღარ დარჩა სამართლებრივი და პოლიტიკური რესურსი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, გარდა კომენდანტის საათისა, რაც მოსახლეობას და ეკონომიკას კიდევ უფრო დააზიანებს.  


close დახურვა