logo
ENG



რა ფინანსურ-რეპუტაციული ზიანი ადგება ივანიშვილის დასანქციბურელ ნათესავებს - შაბათის ფორმულა

22 ოქტ 202220:46
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინამ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები 19 ოქტომბერს დაასანქცირა. ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ალექსანდრე ივანიშვილი დუმილით და აგრესიით პასუხობს. რა ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანს მოუტანს უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილების პოლიტიკურ თუ ბიზნეს საქმიანობას - ამის ძიება შაბათის ფორმულამ სწორედ ალექსანდრე ივანიშვილთან და ქეთევან ხარაიძესთან შეხვედრით დაიწყო. უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებებში უკვე ოფიციალურად დადანაშაულებულმა ცოლ-ქმარმა, რომელიც ამ სიაში კიდევ ორ ნათესავთან ერთად მოხვდა, ფორმულას არც ერთ შეკითხვას უპასუხა.

ალექსანდრე ივანიშვილის მსგავსად, კითხვები უპასუხოდ დატოვა ქეთევან ხარაიძემაც, რომელიც ქმრის ბიზნესის საქმიან ქაღალდებში ფიგურირებს. სწორედ მას გადაუფორმა ალექსანდრე ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ იმ კომპანიის წილები, რომელიც ივანიშვილებს და მის უახლოეს გარემოცვას ვლადიმერ პუტინის მეგობარ, რუს ბიზნეს პარტნიორებთან აკავშირებს.

ქეთევან ხარაიძეს, ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, ტატე მამაცაშვილს - დაებლოკოთ აქტივები და დროებით ჩამოერთვათ მისი განკარგვისა და გამოყენების უფლება, შეუწყდეთ სავაჭრო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა, აეკრძალოთ უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილება ან ტრანზიტად გამოყენება, უკრაინის ტერიტორიული წყლებისა და საჰაერო სივრცის გამოყენება, შეეზღუდოთ უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა, შეუჩერდეთ ან გაუუქმდეთ ლიცენზიები და ნებართვები.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, როგორ აისახება სანქციები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენი ნათესავების საქმიანობაზე? მაგალითად, უკრაინული ბაზარი სავარაუდოდ ჩაიკეტება ალექსანდრე ივანიშვილის ღვინისთვის. მას 25%-იანი წილი აქვს დუგლაძეების ღვინის კომპანიაში, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი სწორედ უკრაინაა და რომლის თანამფლობელი მმართველი პარტიის დეპუტატი ზაალ დუგლაძეა. დუგლაძეების ღვინის კომპანია უკრაინულ საექსპორტო ბაზარზე, სავარაუდოდ დღევანდლამდე, დიდ იმედებს ამყარებდა, რადგან ის უკრაინაში არაერთი კულტურული ღონისძიების დამფინანსებელია.

ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული ნათესავები კიდევ ათობით კომპანიას ფლობენ, მათ შორის კი ის კომპანიები არიან, რომლებიც ივანიშვილის ოჯახს რუსეთთან და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ოლიგარქებთან აკავშირებს. ეს ცხადი ხდება ერთი კომპანიის, გეო ორგანიკსის მაგალითით. ეს ფარმაცევტული კომპანია არსებობს რუსეთში, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში. ბრიტანული გეო ორგანიკსი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს და ალექსანდრე ივანიშვილის ცოლს ეკუთვნით, რომელსაც ქმარმა წილი რამდენიმე თვის წინ გადაუფორმა. რუსული გეო ორგანიკსი კი უჩა მამაცაშვილის და პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის და ყოფილი მაღალჩინოსნის - გიორგი პოლტავჩენკოს ოჯახების საკუთრებაა. ოფიციალური მეწილეები მათი შვილები არიან. გიორგი პოლტავჩენკო, პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი და კაგებეს გენერალი სანქცირებული ოლიგარქების სიაშია. ამერიკის და ევროპის სანქციები ადევს გემთმშენებელ სახელმწიფო კორპორაციასაც, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობაც პოლტავჩენკოს პირადად პუტინმა ჩააბარა. რაც შეეხება ქართულ გეო ორგანიკსს - მისი მფლობელი კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის - როლან ხერიანოვის, ვოლგოგრადის ყოფილი გუბერნატორის ოჯახია. მისი ცოლი კი - ანა კუვიჩკო, დუმას ყოფილი დეპუტატი და პუტინის ხელისუფლების პროპაგანდისტი, სანქცირებულია.

ივანიშვილისთვის ოპონენტები ვარაუდობენ არა მხოლოდ სანქცირებულ პირთა ზრდას, არამედ იმ ქვეყნების სიის ზრდასაც, რომლებიც რუსული კავშირების მქონე ქართველი ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს შეუერთდებიან.


close დახურვა